თეა წულუკიანი - მეორე მხარეს მედიატორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური
მეორე მხარეს მედიატორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა რაიმე არსებით საკითხზე კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა.
„საკმაოდ გრძელი საუბარი და დროც წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ მეორე მხარეს მედიატორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი, მათ შორის ის მოდელი და გერმანული სისტემის მოდელის ვარიაცია, რომელიც დარეგისტრირდა პარლამენტში არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური, რაც არ უნდა პარლამენტში რეგისტრირებული მოდელის ერთი ნაწილი იყოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა. შესაბამისად, ამან წაიღო დიდი დრო, ვინაიდან ჩვენ მათ კიდევ ერთხელ ვუხსნიდით, რომ ეს არის მიუღებელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, დისკუსიის მეორე ნაწილში საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე – ხომ არ ემსჯელათ მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული, საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა, განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ზეპირად წაიკითხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება რეალურად ჩავიხედოთ დეტალებში და ოპოზიციამაც განაცხადა იგივე, რომ მათ რა თქმა უნდა, შიგნით დასჭირდებათ მსჯელობა, კონსულტაციები და შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, მოსწონთ, აწყობთ თუ არა პოლიტიკურად ეს მოდელი. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მომენტები და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა აზრთა თანხვედრა არის იმ საკითხზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში მოხდეს მაჟორიტარული სისტემის გამრავალმანდატიანების შესახებ მსჯელობა.
„ვერავითარი კომპრომისი, ვერავითარი შეთანხმება დღეს ვერ შედგა და ვერ შედგებოდა, რადგან პირველ საკითხზე, რაც იყო გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის იდეის გაცოცხლება, ჩვენ დავხარჯეთ საათ-ნახევარი და ეს საკითხი თავიდან განხილვას არ ექვემდებარება. მეორე საკითხი იყო ის, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა წამოჭრეს ჩვენს წინაშე – კერძოდ, წინადადება, მხარეებს ხომ არ დაეწყოთ განხილვა არსებული და მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის გამრავალმანდატიანების შესახებ. თანხვედრა არის იმაზე, რომ განვიხილოთ, წავიკითხოთ და კიდევ ერთხელ შევხვდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტი არის, რომ გერმანული მოდელის ოპოზიციური ვარიაცია, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
კითხვაზე, რატომ არ ელოდება ხელისუფლება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დასკვნას, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ოდირი“ არ არის საკონსტიტუციო ორგანო.
„ჩვენ ვთვლით რომ ოდირი არ არის საკონსტიტუციო ორგანო, ამაზე წინა შეხვედრაზეც ვიმსჯელეთ, ახლაც ვიმსჯელეთ და ჩვენი მყარი პოზიციაა, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება, რომ გერმანული მოდელი ან მისი ვარიაცია, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში, არ შეესაბამება ქართულ კონსტიტუციას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.