თეა წულუკიანი მედიაციის შესახებ კანონპროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენას რამდენიმე დღეში გეგმავს. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი უკვე მზადაა და მას ჯერ მთავრობა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანო განიხილავს.
„სასამართლო მედიაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ზოგადად, გაძლიერდება მედიაციის ინსტიტუტი სასამართლოს მიღმაც. შეიქმნება მედიატორთა ასოციაცია”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს წულუკიანმა.
მისი განმარტებით, საუბარია სამეზობლო, შრომით თუ სხვა დავებზე, რომელიც შედარებით მარტივი განსახილველია სასამართლოში, თუმცა ეს პროცესი ჭიანურდება. შესაბამისად, ამ საქმეების განხილვას მედიატორი შეძლებს.
„მედიაცია, რა თქმა უნდა, იქნება ნებაყოფლობითი, მაგრამ თუკი მხარეები მედიატორის წინაშე შეთანხმდებიან, სასამართლოს ექნება ნაკლები საქმე, მხარეები კი დავის გადაჭრას მოახერხებენ უფრო სწრაფად. სამოქალაქო პალატები გადატვირთულია და შედარებით მარტივ დავებზე მხარეებს თვეობით ლოდინი უწევთ”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ახალი კანონპროექტი დღეს ბიზნესმენებს წარუდგინა და განმარტა, რომ მედიაცია კომერციული დავებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.