თეა წულუკიანი - თუ მართლაც არსებობს თანხა, რომელიც მავანმა თვითმფრინავების დასაქირავებლად შეაგროვა, მინდა, მას თუ მათ მოვუწოდო, ეს თანხა მთლიანად ჩარიცხონ საქართველოში შექმნილ ფონდში
თუ ეს ტყუილი არ არის და მართლაც არსებობს რამე თანხა, რომელიც მავანმა შეაგროვა თუ დონორებისგან მიიღო იმისთვის, რომ თვითმფრინავები იქირაოს, მინდა, მას თუ მათ მოვუწოდო, ეს თანხა მთლიანად ჩარიცხონ ფონდში, რომელიც საქართველოშია შექმნილი, ისე, რომ თავისთვის თეთრიც არ დაიტოვონ, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ამ ფონდში 82 პირმა 20 მილიონამდე ლარი უკვე ჩარიცხა. ფონდი გამჭვირვალედ იმართება და ეს 82 პირი, რომელმაც 20 მილიონი ლარი ჩარიცხა, ენდობა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც უკეთ იცის, როგორ მართოს ეს თანხა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ახლა კეკლუცობის და იაფფასიანი სპეკულაციების დრო არ არის, რასაც ოპონენტები მიჩვეული არიან.
„ახლა იმის დროა, ყველა დასერიოზულდეს და თუ ვერ სერიოზულდება, აიღონ ეს ფული, თუ მართლაც არსებობს და ფონდში ჩარიცხონ. ეს რეალურად დაეხმარება პრევენციას და იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულია, ან საქართველოში ჩამოსვლა სურს, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, ვირუსი მძვინვარებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ოპონენტები სანთლით ეძებენ მიზეზებს, თუ რა უსაყვედურონ ხელისუფლებას, რადგან პოლიტიკურ სცენაზე თითქმის უკვე აღარ თუ ვეღარ ჩანან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მხრიდან მიმდინარეობს საკითხების ძებნა, ვაითუ, ხელისუფლებამ რამე ხარვეზი და შეცდომა დაუშვას, რომ შემდეგ, აქედან რაღაც ააგონ. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს – ჩვენ ფული ვიშოვეთ, ამ ფულით მოდით, ჩვენს თანამემამულეებს ჩამოვიყვანთო და ხელისუფლებას რაღაცას მოუწოდებენ, ეს არის ღია კარის მტვრევა. ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ამ პროცესის ფლაგმანი, ყველაფერს აკეთებს. ყოველ დილით, პრემიერ-მინისტრი საკითხების ნუსხაში სწორედ ჩვენი თანამემამულეების საკითხს გადის. ჩვენი პრემიერი დღეს, მაგალითად, ჩვენს არასრულწლოვან თანამემამულეებზე იყო შეწუხებული და ზრუნავს იმაზე, რომ უცხოეთში მყოფი ასეთი პირები პირველ რიგში დაბრუნდნენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თუ ადამიანი პოლიტიკური სპეკულირებით არ არის დაკავებული, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რამე მოწოდების საფუძველი.
„ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ძალისხმევით ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს ასეულობით მოქალაქე. მიმდინარეობს მათი ეფექტური მართვა კარანტინის თუ მკურნალობის რეჟიმში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.