თეა წულუკიანი - მადლობა სოზარ სუბარს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების პირველ მინისტრს, რომელმაც საშინელი სისტემა ჩაიბარა
ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სოზარ სუბარს, კახა კახიშვილსა და არჩილ თალაკვაძეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სოზარ სუბარს, რომელიც გახლდათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების პირველი მინისტრი, რომელმაც ჩაიბარა საშინელი სისტემა, საშინელი მემკვიდრეობა, და მან ჩაუყარა საფუძველი იმ რეფორმებს, რომლებითაც ჩვენ დღეს ყველა ერთად ვამაყობთ და მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დადიოდა ციხე-ციხე, საკან-საკან, და მკურნალობდა და ზრუნავდა პატიმრებზე, დღეს ჩვენი უმრავლესობის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერია − ვსაუბრობ ბატონ არჩილ თალაკვაძეზე. ეს რეფორმები შემდეგ გააგრძელეს მომდევნო მინისტრებმა.
განსაკუთრებული მადლობა მე ჩემს წინამორბედს, ბატონ კახი კახიშვილს მინდა, გადავუხადო. მე მქონდა მასთან ძალიან სიღრმისეული და საინტერესო შეხვედრები. მინდა, გითხრათ ამ ტრიბუნიდან, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე. მე ვგეგმავ, რომ ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ამ მხრივ არის დარჩენილი გარკვეული საკითხები, რომლებიც სერიოზულად მოსაგვარებელია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ კიდევ უფრო მეტად, მიუხედავად ბევრი სირთულისა, პატიმრების კვების საკითხებზე და მოვამზადოთ პატიმრები გათავისუფლებისთვის.
როგორ იცით, იუსტიციის სამინისტროში, ჩემი ინიციატივით 2012 წლის ნოემბერში დაფუძნდა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“. ახლა უკვე ეს პროგრამა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააკეთებს იმ სამუშაოს, რასაც ჰქვია ყოფილი პატიმრის იმგვარი ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომ ყოფილმა პატიმარმა აღარასოდეს მიიხედოს ციხისკენ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.