ლევილის ქართველთა მამულში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მორიგი ეტაპის სამუშაოები წარმატებით და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მამულში იმყოფებოდნენ კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის მენეჯერის მოადგილე ტიერი ბერიშვილი, ფრანგული კომპანიის ,,დიუბოკის“ ხელმძღვანელი მიქაელ დიუბოკი და კომპანია „სერ ქონსთრაქშენის“ სამუშაოების დირექტორი პატრიკ პასტორი.
„აღინიშნა, რომ მამული მზად არის, წელსაც წარმატებით უმასპინძლოს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს და არსებობის ისტორიაში პირველად – ქართველ ხელოვანთა რეზიდენციას. როგორც ცნობილია, სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2 მაისიდან ლევილის მამული ხელოვანებს – თბილისის სამხატვრო აკადემიის მოქანდაკე სტუდენტებს უმასპინძლებს, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იცხოვრებენ სამინისტროს მიერ 2023-2024 წლებში რეაბილიტირებულ მამულში განთავსებულ სტუდიებში და ამ ხნის მანძილზე 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული პარკისთვის საკუთარი შთაგონებით შექმნიან სხვადასხვა ინსტალაციასა თუ ქანდაკებას, მერე კი ნამუშევრები პარკში დაიდებს ბინას. უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტი, ერთგვარად, ისტორიული მნიშვნელობისაცაა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ლევილის მამულს საქართველოდან ჩამოსული ხელოვანები სარეზიდენციო პროგრამით ეწვევიან.
მამულის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, წლის ბოლომდე დასრულდება. აღდგება შატო, დასკვნით ეტაპზეა სხვენისა და ფასადის სამუშაოები, ასევე, დასრულებულია შატოს სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს, რომ შატოს სხვენში აღარ ჩავა ნალექი და კონსტრუქცია საიმედოდ იქნება დაცული. შატოს პირველ სართულზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის მუზეუმი, მეორე სართულზე კი განთავსდება რვა საცხოვრებელი აპარტამენტი. სრულად განახლდა მამულის გალავანი; დასუფთავდა ე. წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილი და მალე დაიწყება მისი რეაბილიტაცია. ლევილის მამულის რეაბილიტაციის მასშტაბური პროცესი, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიული მამული უკვე მეორედ უმასპინძლებს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება. წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ფესტივალის მასშტაბი, ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა. რვა კვირის განმავლობაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს კულტურისა და სპორტის 700-ზე მეტი წარმომადგენელი.
საფრანგეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თანამედროვე ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული ესტრადის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს. მოეწყობა შეხვედრები მწერლებსა და ხელოვანებთან. ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მასტერკლასები, რომლებშიც მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობის ლეგენდარული წარმომადგენლები მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად მასშტაბურად აღინიშნება ლევილის მამულში.
ფესტივალი, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ღონისძიება ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელ მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.