თეა წულუკიანი - ლევან მურუსიძის გამუდმივება არ მომწონს, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, ვისურვო, რომ მურუსიძე აღარ არსებობდეს 
თეა წულუკიანი - ლევან მურუსიძის გამუდმივება არ მომწონს, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, ვისურვო, რომ მურუსიძე აღარ არსებობდეს 

ვფიქრობ, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის კვოტით დანიშნული ხუთი წევრის გამოწვევაზე, ჩემი მხრიდან სჭირდება ავტორთან საკითხის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომლებიც პარლამენტის კვოტით არიან არჩეული, ჯერ მანდატის ვადა არ ეწურებათ, ამიტომ აუცილებელია, ვადაზე ადრე მანდატის შეწყვეტის ინიციატივის განხილვა.

​კითხვაზე, ლევან მურუსიძის დანიშვნას ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, პარლამენტის კვოტით არჩეულმა ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ეს ხომ არ არის არგუმენტი, რომ პარლამენტმა ამ მიზეზით გაიწვიონ არამოსამართლე წევრები, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ როდესაც ხდება მოსამართლის შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ, 2013-2014 წლებში, მოგვიანებით ვენეციის კომისიამ ყველას შეგვახსენა მართლმსაჯულების ფუძემდებლური ​პრინციპი ​- როდესაც მოსამართლე გაამართლებს ბრალდებულს, ეს არის მოსამართლის გადასაწყვეტი, რადგან მოსამართლე არის დამოუკიდებელი და არ შეიძლება ამის გამო მოსამართლის კრიტიკა ან მაგალითად მთავარი პროკურატურის გადაყენება. რაკი ჩვენი არჩევანი არის ევროპული სტანდარტების სამართლებრივი სახელმწიფო, მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი. მათი გადაწყვეტილებები, მოსამართლეების შერჩევის ნაწილში, ბრალდებულის ციხეში გაშვებისა თუ არგაშვების ნაწილში, მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, ეს არის ჩვენი პირადი განწყობები, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვინდომოთ მოსამართლის განადგურება. ადრეც მითქვამს, რომ ლევან მურუსიძის გამუდმივება არ მომწონს, მაგრამ ჩემი პირადი განწყობა არ მაძლევს უფლებას, რომ მაგალითად ვისურვო, ბატონი მურუსიძე აღარ არსებობდეს, რადგან ეს არ არის ჩემი განსახილველი საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.