თეა წულუკიანი - კოლექტიურმა სერგი კაპანაძეებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, საამაყო ჯარი მაშინ ჩააგდეს საფრთხეში, როდესაც რუსეთისგან მომდინარე პროვოკაცია 2008 წლის აგვისტოში არ და ვერ აიცილეს
კოლექტიურმა სერგი კაპანაძეებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, პირველად ჩვენი ჯარისკაცი და საამაყო ჯარი მაშინ ჩააგდეს დიდ საფრთხეში, როდესაც რუსეთისგან მიმდინარე პროვოკაცია 2008 წლის აგვისტოში თავიდან არ და ვერ აიცილეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ყველას ახსოვს, რომ ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, ბრძოლის ველზე მიატოვეს და გაიქცნენ.
„ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი დავა ცარიელი ფურცლები და ნაწერი აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი, იუსტიციის გუნდთან, პროკურატურასთან, თავდაცვასთან და სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, მრავალი წლის მერე მოგვიწია ნაწილ-ნაწილ მტკიცებულებების შეგროვება. ჩვენი ქართველი ჯარისკაცისა და ჩვენი ჯარის, სახელმწიფოს, სამშობლოს სიმართლე დავამტკიცეთ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც რუსეთს დავა პირწმინდად მოვუგეთ. რუსეთის ნარატივი ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის იყო ხოლმე, თითქოს ჩვენმა ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა, რათა ცხინვალი დაებომბა. ჩვენ ეს ნარატივი, გეგმა მთლიანად ჩავუშალეთ რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიების და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ტყუილს ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ. მე მახსენდება ასევე საქართველოს პარლამენტში მთავრობის მოსმენები, სადაც სერგი კაპანაძე, ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს იუსტიციის სამინისტრო, ჩემი ხელმძღვანელობით, ქართულ ჯარს არ იცავდა სათანადოდ. სინამდვილეში, მათ არამცთუ მიატოვეს დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები მაშინ აგვისტოში, ბრძოლის ველზე, მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ დავის დაცვა შეგვძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ. „ისკანდერიც“ კი გაიტანეს ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოში, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა ბევრი წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე დაასხდნენ პირდაპირ, უსირცხვილოდ და ყოველგვარი შეფარვის გარეშე რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასოდეს ჩაუდენია“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ის, რომ ქართული ჯარი და სამხედრო ძალები მართალია რუსეთის წინაშე, ამას ამტკიცებს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც საბოლოოა და აღარ გასაჩივრდება.
„პოლიტიკური უპასუხისმგებლო ბრალდებები სერგი კაპანაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც ბოლო დროს გაისმა, უნდა დაგმოს თითოეულმა ქართველმა, რადგან ეს სახელმწიფოებრიობისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ფრიად საზიანოა. ასევე, ისტორიისთვის არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის სერგი კაპანაძეა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომელმაც ადეიშვილის მოადგილე თინა ბურჯალიანთან ერთად, ჰააგის ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოში, მათივე სიტყვა რომ გამოვიყენო, ჩააფლავა დავა საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, სამარცხვინო სამართლებრივი საფუძვლით, როდესაც ჰააგის სასამართლომ ამათ უსაყვედურა, რომ ვიდრე რუსეთს უჩივლებდით, გასაჩივრების გზები უნდა ამოგეწურათო. არადა, სუბსიდიარობაზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი ყველასთვის ისაა, რომ ჯერ გასაჩივრების გზები უნდა ამოიწუროს და შემდეგ წაიღო დავა საერთაშორისო სასამართლოში. ახლა უკვე, სერგი კაპანაძის განცხადებების ფონზე, გუშინდელი დღის შემდეგ, გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს სულაც არ იყო არაკომპეტენტურობა, სულაც არ იყო შემთხვევითობა და ეს გახლდათ რუსეთის გეგმის შესრულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.