თეა წულუკიანი - ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ჩართულ პირებთან, რათა მალე მოხდეს ცხედრის გადმოსვენება 
თეა წულუკიანი - ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ჩართულ პირებთან, რათა მალე მოხდეს ცხედრის გადმოსვენება 

ჩვენი ხელისუფლება ყოველწუთიერად, აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ, დე ფაქტო, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ამ საქმეში ჩართულ პირებთან, რათა რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანმა არჩილ ტატუაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ყველას ტრაგედიაა.

“მინდა, მივუსამძიმრო არჩილ ტატუნაშვილის დედას, მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს ჩვენი ყველას ტრაგედიაა, როდესაც რუსეთის ოკუპაციის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ამგვარი ტრაგიკული ამბების მომსწრენი ვხდებით. მინდა, როგორც ჩემმა კოლეგებმა უკვე არაერთხელ თქვეს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენი ხელისუფლება ყოველწუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მყოფ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ, დე ფაქტო, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ამ საქმეში ჩართულ პირებთან, რათა რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ ცხედარი, იმისთვის, რომ  შევძლოთ მას მივაგოთ პატივი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ოჯახისთვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილს საკითხს საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენებს და ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ეს ფაქტი არ დარჩეს უბრალო ფაქტად.

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა, გუშინ სოფელ ნატახტართან აქცია გამართეს, ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვდნენ. ოკუპირებულმა ცხინვალმა ერგნეთში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ცხედრის გუშინ გადმოცემაზე უარი განაცხადა. როგორც ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა აღნიშნა, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაეცემა, საექსპერტო მასალები კი, რუსეთშია გაგზავნილი.

არჩილ ტატუნაშვილის მამამ გუშინ განაცხადა, რომ ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და ამ პერიოდში აქციებს შეწყვეტენ.