თეა წულუკიანი - კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებული გუშინდელი განცხადება არის პირადი და არა ევროკავშირის პოზიცია
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ მისი გუშინდელი განცხადება გამოხატავს ელჩის პირად პოზიციას.
როგორც თეა წულუკიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ელჩი პარლამენტში მისი მოწვევით იმყოფებოდა.
„ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეს შეხვედრა იყო საინტერესო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაყოფიერი, რადგან შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი, ეს დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რაც ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მასთან, მისიასთან და ევროკავშირთან გვქონდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, ელჩმა თქვა, რომ მის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია, თეა წულუკიანმა აღნიშნა. „ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის რჩება თავის პოზიციაზე. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“.
კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. „ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, თეა წულუკიანმა ელჩს უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვას ელჩთან ერთად ისურვებდა. „ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანი.