საქართველოს იუსტიციის მინისტრი სპეციალური მიწვევით კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა სამიტზე, ანტიგუა და ბარბუდაში გაემგზავრა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა“ − მინისტრი სიტყვით გამოვა და ქართული რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
მინისტრი სამიტის მონაწილეებს ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და იუსტიციის სახლების ფუნქციონირების შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს; ისაუბრებს გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის სახელმწიფოში გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად გასული წლის სექტემბერში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კარიბის ზღვის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ანტიგუა და ბარბუდაში იუსტიციის მინისტრის ვიზიტი 19 იანვარს სრულდება.