თეა წულუკიანი - იუსტიცის საბჭოს მოსაგვარებელია, რომ ნინო გვენეტაძის დანაკლისის გამო, სისხლის სამართლის საქმეების განხილვა არ შეჩერდეს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ნინო გვენეტაძის ჩანაცვლება ადვილი არ იქნება.
პირველი არხის კითხვაზე – იმის გათვალისწინებით, რომ უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის პალატაში პაატა სილაგაძეს 23 ოქტომბერს უფლებამოსილება ეწურება, რამდენად შესაძლებელია, საქმეების განხილვა შეწყდეს, რადგან ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, კვორუმი ვეღარ შეიკრიბება, წულუკიანი პასუხობს, რომ აღნიშნული საკითხი, როგორც მენეჯერი ორგანოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაგვარებელია.
„სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ნინო გვენეტაძის ჩანაცვლება ადვილი არ იქნება, რადგან ამ პალატაში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და კომპეტენტური იყო. შესაბამისად, როგორ მოხდება მენეჯმენტი ამ დანაკლისის შესავსებად, რომ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა არ შეჩერდეს და არ შენელდეს უზენაეს სასამართლოს პალატაში, ეს არ არის და ვერ იქნება იუსტიციის მინისტრის საქმე. ეს საკითხი, როგორც მენეჯერი ორგანოს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მოსაგვარებელია. ვხედავ, რომ ნინო გვენეტაძე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი, აღარ არის პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ხარვეზი სახეზეა, როგორ შეიძლება ამ ხარვეზის ისე მოგვარება, რომ მოქალაქემ თავის თავზე არ იგრძნოს, ამას იუსტიციის სამინისტრო არ წყვეტს, წყვეტს მართლმსაჯულების მენეჯერი და ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო – იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საჭიროების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტიც, მაგრამ ეს უფრო ტექნიკურ-ლოჯისტიკური საკითხია“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.