თეა წულუკიანი - ისეთი ამბავი ატყდა, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც, ლამის, გახარიაც და გამოდის, ვინც ვყოფილვარ, მე ვყოფილვარ
ისეთი ამბავი ატყდა, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც, ლამის, გახარიაც და გამოდის, ვინც ვყოფილვარ, მე ვყოფილვარ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ასე არ შეიძლება. ყველას ჩვენ-ჩვენი ვალდებულებები გვაქვს და ყველა თავის მაქსიმუმს ასრულებს. „პროკურატურის შესახებ კანონის“ მე-8 მუხლში ჩვენ ჩავწერეთ, რომ იუსტიციის მინისტრს უფლება არ აქვს, ინდივიდუალურ გამოძიებაში ჩაერიოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რა ხდება პროკურატურაში და აქვს თუ არა პასუხი მას, როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს იმაზე, რაც ტრიალებს პროკურატურაში ახლა, რადგან ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, რომელიც მან თანამდებობიდან წასვლისას შეაქო, განაცხადა, რომ ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობაც ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზეა გამოკვეთილი, პასუხისგებაში უკვე მიცემულია. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, იმას, რაც ირაკლი შოთაძემ თქვა, ნებისმიერი ქვეყნის მთავარი პროკურორი იტყოდა, რადგან 24 მაისს ის ნივთმტკიცებები იყო, რაც იყო.
მისი თქმით, პროკურატურის მიმართ დღეს გაცილებით მეტი ნდობის ხარისხი არსებობს, ვიდრე სასამართლო სისტემის მიმართ.
„მე ეს არ გამიზომია, მაგრამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, რადგან გამოხატვის თავისუფლება მეც მაქვს. ჩვენ შემოვიტანეთ უახლესი მოდელი, საპროკურორო საბჭო, რომელზეც ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.