თეა წულუკიანი - იმედი მაქვს, რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებას სამი თვის განმავლობაში აღასრულებს
იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაცია მომდევნო სამი თვის განმავლობაში აღასრულებს, რათა მსხვერპლებმა მიიღონ, რაც ეკუთვნით, ეს არის მორალური კომპენსაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსი დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
რუსი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსეთს არ აქვს ვალდებულება, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
თეა წულუკიანის თქმით, რუსეთი არის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, ამიტომ ვალდებულია, სტრასბურგის გადაწყვეტილება აღასრულოს.
„თუ კი ეს პოლიტიკოსი გულისხმობდა რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, ასეთი შემთხვევა წარსულში მართლაც იყო, როდესაც ამ უმაღლესმა ორგანომ თქვა, რომ ევროპული სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება რუსეთისთვის შესასრულებლად სავალდებულო არ იყო. მაგრამ ფაქტია, რუსეთის ფედერაცია არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთ-ერთი მხარე, ეს კონვენცია ძალაშია შესული და რაც არ უნდა გადაწყვიტოს რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოსა და სხვა მხარეების ეროვნულმა სასამართლოებმა, ევროპული კონვენცია მაინც რჩება ძალაში. შესაბამისად, 46-ე მუხლი ამბობს, რომ როდესაც ევროპული სასამართლო სახელმწიფოსთან მიმართებით გამოსცემს გადაწყვეტილებას, ეს სახელმწიფო ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება შეასრულოს.
როდესაც ეს საქმე გადაინაცვლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, იმედი მაქვს, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს, რათა მსხვერპლებმა მიიღონ, რაც მათ ეკუთვნით. ეს არის მორალური კომპენსაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.