თეა წულუკიანი - იაროსლავ სუმბაევს საჭიროზე მეტი დრო ექნება, სტრასბურგს მიმართოს და ექსტრადირების პროცედურის შეჩერება მოითხოვოს
მიმდინარეობს ორ სამართალდამცავ სტრუქტურას შორის მოლაპარაკებები ეტაპირების თარიღის განსასაზღვრად,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პატიმარს პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეუძლია, იუსტიციის მინისტრის ბრძანება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს და ექსტრადიციის პროცედურის შეჩერება მოითხოვოს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორ სამართალდამცავ სტრუქტურას შორის მოლაპარაკებები ეტაპირების თარიღის განსასაზღვრად. ერთადერთი, რაც შემიძლია დღესვე გითხრათ, არის ის, რომ პატიმრას ექნება იმაზე მეტი დრო, ვიდრე ეს რეალურად არის საჭირო, რომ რაკი მას აქვს გარკვეული პრეტენზიები, იუსტიციის მინისტრის ბრძანება, დადგენილი წესით, გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოში, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. მოითხოვოს ამ პროცედურის შეჩერება, თუკი პრეტენზიები, რასაც ის აცხადებს საჯაროდ, დასაბუთებულია“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თუმცა, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ იაროსლავ სუმბაევის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
„ჩვენ განვიხილეთ ეს პრეტენზიები არა მხოლოდ მინისტრის დონეზე, არამედ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა და ჩავთვალეთ, რომ ეს პრეტენზიები დაუსაბუთებელია. თუმცა შეიძლება ევროპულმა სასამართლომ სხვაგვარად ჩათვალოს. ექსტრადიციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლო იღებს, პრაქტიკულად, რამდენიმე საათში. ამიტომ, მთავარია მან მიმართოს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალად თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება.