საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, სადაც როიალების მწარმოებელ მსოფლიოში აღიარებულ კომპანია „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS) ეწვია. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის პრეზიდენტს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში, გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორს, ანტონ ვილჰელმს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა დაათვალიერა STEINWAY & SONS-ის როიალების საწარმო და საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს გამოიგზავნება. როიალებს სახელმწიფო კონსერვატორია 15 დეკემბრისთვის მიიღებს.
„როიალების გამოსაგზავნი პარტიის შემოწმების მიზნით და კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მინისტრთან ერთად კომპანიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაც ეწვია, რომელმაც ერთ-ერთ როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და საქართველოს ეს დიდი სიახლე მიულოცა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა და კომპანია „სტეინვეისთან“ მოლაპარაკება 2021 წელს დაიწყო.
2022 წლის 14 სექტემბერს სტუდენტთა და პედაგოგთა სხვადასხვა თაობის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება ასრულდა — კულტურის სამინისტრომ „სტეინვეი ენდ სანსის“ ცხრა როიალი მიიღო და 50-წლიანი წყვეტის შემდეგ კონსერვატორიის როიალების ფონდი განაახლა. კომპანია „სტეინვეის“ მრავალწლიან ისტორიაში ეს შესყიდვა, ევროპის მასშტაბით, უპრეცედენტოდ ითვლება. ამ როიალებიდან ხუთი სამუშაოა, ორი — ნახევრად საკონცერტო და ორი — კამერული ანსამბლისთვის განკუთვნილი. ამასთანავე, ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია იღებს ვალდებულებას, საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს კომპანიის ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ ინსტრუმენტებს და უფასოდ მოამზადებენ/გადაამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს (ამწყობებს), ვინაიდან, როგორც ცნობილია, საქართველოში ამწყობის პროფესია, დიდი ხანია, იშვიათობად იქცა.
2021 წელს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ინსტრუმენტების დეფიციტის საკითხის გადაჭრის ინიციატივით გამოვიდა, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე კომპანია „სტეინვეისთან“ მოლაპარაკებებს ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია ქართველ-ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცნობილი ხელოვანის, გიორგი ლაცოს წვლილი, რომელმაც სამინისტროსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.
მოლაპარაკებების შედეგად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტროს მიერ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად, 2025 წლამდე კონსერვატორიას გადაეცემა 78 როიალი, აქედან: 17 როიალი — 2022 წელს; 61 როიალი — 2023-2025 წლებში ყოველწლიურად (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და ოდენობის მიხედვით).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს როიალებისთვის გამოიყო 1 753 000 ევრო, ხოლო სულ 2022-2025 წლებში — 8 012 636 ევრო.
მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი, სამწუხაროდ, აწუხებს არა მხოლოდ კონსერვატორიას, არამედ განსაკუთრებულად — სსიპ ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს (სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს), სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯს (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელსა (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და სხვა სახელოვნებო სასწავლებლებს. 2021 წლის ოქტომბერში, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, სახელმწიფოს დახმარებით ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედში. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი STEINWAY & SONS (Essex Piano), ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
კულტურის სამინისტროსა და კომპანია STEINWAY & SONS-ის თანამშრომლობის შედეგად, მომავალ თაობებს სახელოვნებო განათლების მიღებისათვის სათანადო პირობები შეექმნებათ“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.