თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარესა და განმწესრიგებელს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ჰააგაში იმყოფება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაში მონაწილეობს.
ასამბლეის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, სასამართლოს თავმჯდომარე ჩილ ებო-ოსუჯისა და სასამართლოს განმწესრიგებელ პიტერ ლუისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სასამართლოს ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს საქართველოს მიერ სასამართლოს მხარდაჭერისა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეჯერდნენ საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზე.
დღესვე თეა წულუკიანი სიტყვით გამოვა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე. მინისტრი საქართველოს სახელით ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, წარადგინოს საკუთარი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე 2020 წელს.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლო ექვს ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეებს სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩევს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს.
ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.
მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე. საქართველოს დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომებსა და სამუშაო ჯგუფებში.