თეა წულუკიანი - გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, მორბენლები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები, ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი - ასეთია რეალობა
ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი, ასეთია რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებულია 93 სპორტული ფედერაცია, მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად, და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს 98 მილიონ 600 ათას ლარს. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის ბიუჯეტი წილობრივადაც სამინისტროდან მიღებული გახლავთ – 27 მილიონ 500 ათასი ლარი.
„მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას. თუ გნებავთ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე – აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და უპირველესად, მე, რომ რაგბი და კალათბურთი, რა თქმა უნდა, სპორტის ის სახეობებია, რომლითაც ვამაყობთ. რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სხვა სახეობებსაც მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, თუ როგორი პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ეს უნდა გაგრძელდეს – სპორტის ამგვარი სახეობებისთვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, მაღალი მიღწევები, რომლებიც სპორტის არაერთი სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი, გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს. მაგალითისთვის, მშვილდოსნებს სჭირდებათ თბილისში ბაზა, რათა ივარჯიშონ, და ახალგაზრდა მშვილდოსნები არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში სროლაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე ჩვენს ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ თბილისში საწვრთნელი სათანადო ბაზა, აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საციგურაო სათანადო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ სხვა უცხო ქვეყანაში ვარჯიში. ჩვენ, ყველას, რა თქმა უნდა, გვიხარია, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი, ვიდრე სპორტის მინისტრი გავხდებოდი, რა კარგია, რომ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, დიდი შრომა, და თითოეულ სპორტსმენს, არის ის თუ არ არის სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა ძალიან დიდი შრომისა და გამძლეობისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.