თეა წულუკიანი - გვყავს ბენეფიციარები, რომლებსაც ყოველ საღამოს კაფედან წამოღებული პროდუქტით ვამარაგებთ
თეა წულუკიანი - გვყავს ბენეფიციარები, რომლებსაც ყოველ საღამოს კაფედან წამოღებული პროდუქტით ვამარაგებთ

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ფარგლებში გვყავს ბენეფიციარები, რამდენიმე ათეული ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი, მათ შორის ათეულობით გოგონა, რომლებსაც ყოველ საღამოს კაფე „ანტრედან“ წამოღებული პროდუქტით ვამარაგებთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ისინი გაცილებით მეტნი არიან, მაგრამ ეს ის რაოდენობაა, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა დავამყარეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად ხდება, როცა ასეთი ობიექტები საღამოს სრულიად ჯანსაღ, ცინცხალ საკვებს ნაგავში ყრიან. ფინანსთა სამინისტრო გადვეხმარა, კვების ინდუსტრიაში ჩართულმა კერძო კომპანიებმა შეღავათებით ისარგებლონ, თუ ისინი დათანხმდებიან, ჩვენთან ამ კუთხით ითანამშრომლონ”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, პირველი, ვინც შეთავაზებას გამოეპასუხა, რომ ეს საკვები ბენეფიციარებისთვის გადაეცათ, კაფე „ანტრე“ იყო.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ მიბაძონ. თუ ქართველი ბიზნესმენები გამოთქვამენ სურვილს, რომ ამგვარი პროექტი ჩვენთან ერთად გამართონ, ჩვენ მოხარულები ვიქნებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ამ ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, საქართველოში მოქმედი „ფრანგული სკოლაა“.

„მათ გამოთქვეს სურვილი, მემორანდუმი გაფორმდეს. გვინდა, ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით შევძლოთ, კვების ინდუსტრიაში ჩართულმა კომპანიებმა, რესტორნებმა და სხვა ობიექტებმა პროდუქტი, რომელიც ჯანსაღია და ხელიც კი არავის უხლია, ნაგავში არ გადაყარონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.