თეა წულუკიანი - გვჭირდება თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც მსახიობებზე ზრუნავენ და ვინც დაინიშნა, არიან მათზე მზრუნველნი, ცდილობენ, ბიუჯეტის ფარგლებში გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ
თეა წულუკიანი - გვჭირდება თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც მსახიობებზე ზრუნავენ და ვინც დაინიშნა, არიან მათზე მზრუნველნი, ცდილობენ, ბიუჯეტის ფარგლებში გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ

ხმამაღლა ვიტყვი, დიახ, მეამაყება, რომ გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება და ლევან გაბრიაძე, დიდი რეზო გაბრიაძის შვილი დავნიშნე უკონკურსოდ, – ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ასევე, მეამაყება, რომ დიდი გელა კანდელაკი დავნიშნე უკონკურსოდ; არ ვაკადრე კონკურსი და თუნდაც გასაუბრება, ვინაიდან ამას უბრალოდ, არ იმსახურებს; არა იმიტომ, რომ კონკურსს ვინც გადის, ისინი ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები ადამიანები არიან, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უფრო მეტად უნდა სცეს პატივი ჩემი ასაკის კულტურის მინისტრმა. ასევე მეამაყება, რომ დიდი რობერტ სტურუა დავნიშნე კონკურსის გარეშე. რა თქმა უნდა, მე ვიღებ წერილებს, მესიჯებს – თუ რობერტ სტურუას ეკუთვნის, მე რატომ არ მეკუთვნის, თუ ის ასაკშია და მისთვის შეიძლება, ჩემთვის არ შეიძლება, კონკურსი რატომ უნდა გავიარო? მე თუ ახალგაზრდა ვარ, რა, უნდა ველოდო, რობერტ სტურუა როდის გარდაიცვლებაო? ჯვარი სწერია რობერტ სტურუას. მე მეამაყება, რომ ის უკონკურსოდ დავნიშნე. ასევე უკონკურსოდ დაინიშნა ბატონი ავთო ვარსიმაშვილი და ახლა ამაზე იყო პროტესტი, ავთო ვარსიმაშვილი ხომ არ არის გელა კანდელაკი, ის ხომ შედარებით ახალგაზრდაა, ის ხომ არ არის რეზო გაბრიაძე, ლევან გაბრიაძე და ა.შ. მიმაჩნია, რომ გრიბოედოვის თეატრი არის ცოტა განსხვავებული თეატრი. აქ მეტს ვერ ვიტყვი და ვფიქრობ, ამ თეატრში საჭირო და მნიშვნელოვანი იყო სწორედ ისეთი ადამიანის უკონკურსოდ დანიშვნა, როგორიც არის ძალიან წარმატებული და დიდი ხელოვანი, ავთო ვარსიმაშვილი. ასევე მეამაყება, რომ ბატონი ვასო ჩიგოგიძე და ნიკა საბაშვილი დაინიშნენ კონკურსის წესით და ასევე, მათ მაგივრად მიხარია, რომ მათ ვერავინ უსაყვედურებს, რატომ დაინიშნე „არასწორი პროცედურებითო“. მე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ ისინი არიან ჩემთვის და ქართული კულტურის საიმედოდ იქ, სადაც დაინიშნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გახდა თუ არა ხმაურიანი ბრალდებების მიზეზი ის, რომ მინისტრმა ოთხ თეატრთან დაკავშირებით სამხატვრო ხელმძღვანელების დასანიშნად დისკრეციული უფლება გამოიყენა. წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მინისტრმა პირველად გამოიყენა ეს დისკრეციული უფლება, რომელიც მას კანონით აქვს მინიჭებული.

თეა წულუკიანის თქმით, კონკურსები გრძელდება, ოთხი ძალიან კარგი კანდიდატი იყო ოთხ სხვადასხვა თეატრში წარდგენილი და ელოდება საბჭოს რეკომენდაციას. „რეკომენდაცია დადებითი თუ იქნა, ისინიც დაინიშნებიან და კონკურსები გრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, იყო ასევე ერთი სპეკულაცია მარჯანიშვილის თეატრთან დაკავშირებით, რაც უსაგნო აღმოჩნდა. „კანონით, ვადა გაუვიდა ხელმძღვანელს და რა ვქნათ? ასე გაუვიდა ვადა რობერტ სტურუას, მაგრამ არ დაუყვირია, რატომ გამივიდა ვადაო“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ორი დღის წინ მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი გამოცხადდა.

„სავარაუდოდ, ბატონი ლევან წულაძე კვლავ იქნება კანდიდატი, მისმა მეუღლემ ეს უკვე თქვა. მე მასთან არ მქონია კომუნიკაცია, რადგან მას არ ჰქონია კომუნიკაცია. თუმცა, მე ყველასთან მაქვს კომუნიკაცია, ნებისმიერ სამხატვრო ხელმძღვანელთან. არის შემთხვევები, როდესაც სამი-ოთხი საათი პირისპირ ვსაუბრობთ. აწუხებთ საშტატო, მსახიობის მდგომარეობა, თუმცა, ყველა სამხატვრო ხელმძღვანელზე ვერ ვიტყვი, რომ მსახიობი აწუხებს, მაგრამ გვარები არ მკითხოთ. ეს უნდა გავასწოროთ ერთად. მაგალითად, მსახიობებს აქვთ განცდა, რომ ხელფასს, რასაც იღებენ, სამინისტრო ადგენს; სინამდვილეში კი, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი ადგენს. მინდა, ეს სწორედ ამ ეთერიდან ყველა მსახიობმა იცოდეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც მსახიობებზე ზრუნავენ და სხვათა შორის, ვინც დაინიშნა, არის სწორედ მსახიობზე მზრუნველი და ცდილობენ, თავიანთი ბიუჯეტის ფარგლებში გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მე ყველას ვუსურვებ, ჯერ გავაკეთოთ 40-50, ან 20-30% მაინც იმისა, რაც რობერტ სტურუამ შეძლო და შემდეგ ვიქონიოთ დასაბუთებული პრეტენზიები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რამდენიმე თეატრში მაინც ახალგაზრდა რეჟისორი დაინიშნოს, თუმცა, მისი თქმით, ახალგაზრდაში არ გულისხმობს თუნდაც ძალიან ნიჭიერ და წარმატებულ რეჟისორს, რომელსაც მილიონიანი ბიუჯეტი არ უმართავს. „ჩემი მხრიდან, ეს არ იქნება კეთილგონივრული ჟესტი მათი მომავლის წინაშე. პირდაპირ გეტყვით, ეს იქნება მტრული გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს, იქნებიან ისინი მსახიობები, რეჟისორები, თუ სხვა, გასაქანი მივცე. ვფიქრობ, იმ ექვსასამდე პროექტით, რომელიც სულ ცხრა თვეში დავაფინანსეთ, ბევრ ახალგაზრდას შევუწყვეთ ხელი და ეს წელსაც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.