თეა წულუკიანი - გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას სწორედ ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ შეძლოს კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“
თეა წულუკიანი - გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას სწორედ ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ შეძლოს კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“

გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს ნიკა მელიას ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც მოხდა ინციდენტი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი  ხულიგანია.

„რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ევროკავშირის ოფისთან იყო, თუ არ ვცდები. აქ რა შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია, და ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა ეს პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე ვარ მისი გუნდის წევრი და არა მხოლოდ მის საჯარო აქტივობებს, არამედ საჯარო განცხადებებსაც ასევე ვაკვირდები, ვხედავ როგორც შტაბის უფროსს, როგორ მუშაობს ის, და მინდა ვთქვა, რომ რეალურად ის არის ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე იღებს ყველა იმ დარტყმას, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს, მარტო იმისთვის, რომ მუშაობს. მაშინ, როდესაც სხვა პარტიები არ არიან სრულფასოვნად საარჩევნო ველზე, რადგან მათ არ აინტერესებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში პრობლემები.

„მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ სამი ოქტომბრის დილა, რათა როგორმე ქვეყანაში შექმნან დესტაბილიზაცია. ჩვენ ყველანაირ პროვოკაციას მომავალშიც გავუძლებთ, მთავარია, ამას გაუძლოს ქვეყანამ და ამისთვის ჩვენც და ამომრჩეველმაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. 2 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ჩვენ, ყველამ, საარჩევნო ურნასთან უნდა გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი. ჩვენ, როგორც მმართველი ძალა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამი ოქტომბრიდანაც ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდ პირობებში ცხოვრება. რაც მთავარია, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განვითარება, რადგან მე რამდენიმე რეგიონი მოვიარე, ხვალ ისევ მივემგზავრები დასავლეთ საქართველოში და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ხალხი ამას აღნიშნავს. არის კიდევ სხვა პრობლემები, რომლებსაც მშვიდ პირობებში მოვლა და მზრუნველობა სჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა დმანისის ინციდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რამ ხდება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან სამწუხარო ორი მაგალითი ძალადობისა, რომელიც პირდაპირ ერთხელ უკვე დავგმე და ყოველთვის დავგმობ. მუდამ ვიბრძოდით, რათა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ ყოფილიყო მუშტი-კრივი და მით უმეტეს, ის საშინელება, რომელიც ვიხილეთ დმანისში, როდესაც ადამიანი იქნა დასახიჩრებული. მივესალმები, რომ გამოძიება სწრაფად წავიდა. ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი შედეგებიც, მაგრამ როდესაც ვადარებ წარსულ პერიოდს და ვიხსენებ 2013, 2014 და მომდევნო წლებს, ვხედავთ, რომ ძალადობის შემთხვევები შემცირებულია. ჩვენ გვაქვს ეს ორი საშინელი შემთხვევა და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ასევე ორი ოქტომბრის შემდეგ, სანამ ცესკო შეაჯამებს არჩევნების შედეგებს. არ შეიძლება, მუშტი-კრივი იყოს არჩევნები. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მშვიდად შევეჯიბროთ ერთმანეთს. შემდეგ ამომრჩეველი აირჩევს, ვინ უნდა დარჩეს, ვინ უნდა წავიდეს, ვის ეკუთვნის მეორე ტური, ვის არ ეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.