თეა წულუკიანი - გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიილტვიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა
თეა წულუკიანი - გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიილტვიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა

გუშინდელი აქცია რასაკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ, მთავრობის ჩამოგდება, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო – ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გარკვეული იმედგაცრუება, რადგან ისინი იქ არ მისულან, რომ გადატრიალების შესახებ გეგმები მოესმინათ.

„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქცია გაიმართოს მშვიდობიან პირობებში. ეს ასე იყო გუშინაც, მაგრამ მნიშვნელოვანია ის რამდენი დღე, რაც დარჩა ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩვენ გავიაროთ მშვიდობიანად, ყოველგვარი აგრესიული რიტორიკის გარეშე. ჩვენ მაინც გვწამს, რომ საქართველოს რასაკვირველია, ეკუთვნოდა მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, იკითხოს – ასეთი ოპოზიციის ფარგლებში რანაირად შეიძლება ჩვენ გვინდოდეს მეტი, რადგან ეს ყველაფერია ოპოზიციის გარდა. ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო რასაკვირველია, იმსახურებდა მეტს, მაგრამ მივიღეთ მაინც კარგი შედეგი.

მე ვიყავი იმის მოწმე, როდესაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოლაპარაკებების რამდენიმე უმძიმესი რაუნდიდასჭირდა, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებ ჩაწერილიყო შემდეგი ორი სიტყვა, ევროპული სახელმწიფო.

ამ მოლაპარაკებების დროს ევროკავშირის წარმომადგენლები არ იყვნენ მაინცდამაინც მომხრენი, რომ ეს სიტყვები ჩაწერილიყო, ეს ხდებოდა 2012 წლის ბოლოს, 2013 წლის მთელი წელი ამას მიეძღვნა, ვიდრე 2014 წელს ხელი მოეწერებოდა და ჩვენ მაინც მივიღეთ ჩანაწერი ევროპული ქვეყნის შესახებ. ამას იმიტომ მოგახსენებთ, არ გეგონოთ, რომ ეს არის ხოლმე მარტივი საკითხები. ის, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ სტატუსის სახით ევროპული პერსპექტივა, ყველა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს არის დიდი შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველო იმსახურებდა უფრო დიდ შედეგს, მაგრამ მიიღო ის, რაზეც ალბათ შარშან ვერც კი იოცნებებდა.

„მინდა, ეს ყველას მოგილოცოთ. თუმცა, ყველას გვაქვს გარკვეული უსამართლობის განცდა, ისმის იმედგაცრუებები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ვართ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ძალიან ბევრ ბედუკუღმართობას გაუძლო და მიუხედავად სირთულეებისა, გაჭირვებისა, ყოველთვის ვიხედებოდით წინ. ამიტომ ახლა წინ ყურების დროა. ჩვენ გვაქვს რწმენა, არამც თუ იმედი, არამედ რწმენა, რომ ევროპული პერსპექტივის შესახებ სტატუსი საბოლოოდ დადასტურდება საბჭოს მიერ და ეს არ იქნება გადახედილი, ამის შემდეგ ის რეფორმები, რასაც ისედაც ვახორციელებდით, გაგრძელდება. ამ მხრივ ნიშანდოვლივია და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ თქვენ გახსოვთ ქართველ ქალებს, ქართველ გოგონებს, რომ ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია 2017 წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი პროცესი დაიძრა მასშტაბური რეფორმების წყალობით, რომ ყოფილიყვნენ ქართველი გოგონები, ქალები ყველა გარემოში ძალადობისგან მეტად დაცული. უკრაინამ სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა მხოლოდ გუშინ. მე დღეს მეტს არაფერს ვიტყვი, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვაგრძელებთ ევროპისკენ სწრაფვას.

გვაქვს დიდი შედეგი, ეს არის სტატუსი პერსპექტივის შესახებ, ვიმსახურებდით ალბათ უფრო მეტს, ალბათს ვამბობ, რადგან ასეა საჭირო, ვიმსახურებდით უფრო მეტს, მაგრამ როგორც ძალიან კარგად აღნიშნა ჩვენმა მთავრობის მეთაურმა, ჩვენ არავისი გვშურს. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა გავაგრძელოთ, ვიაროთ იმ ისტორიული არჩევანის გზაზე, რომელიც გახლავთ ევროპული გზა და აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები. აქვე შეგახსენებთ ყველას, იმას, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც ჩვენ უვიზო რეჟიმისთვის ვმუშაობდით, როდესაც ჩვენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის ვმუშაობდით, ყოველთვის საწყისს ეტაპზე ვიყავით ხოლმე მესამე ქვეყანა და შემდეგ, როდესაც ვიმუშავებდით, რეფორმებს განვახორციელებდით ამ ტრიოში ვიყავით ხოლმე ყოველთვის პირველი ქვეყანა. დღესაც ვართ ჩვენი შედეგებით პირველი ქვეყანა, მაგრამ სტატუსების მიხედვით, ვართ მხოლოდ პერსპექტივის სტატუსის მქონე. უბრალოდ საჭიროა, ახლა მუშაობა, დიდი იმედი მაქვს, ამ პროცესის ნაწილი რაღაცნაირად, არ ვიცი, როგორ, მაგრამ თავის თავში ძალას იპოვის და გახდება ოპოზიციაც. ასეთი მიდგომებით ოპოზიციას არ მიყავს ჩვენი ქვეყანა ევროპისაკენ. სად მიყავს ეს არ ვიცი, მაგრამ ევროპისკენ რომ არ მიყავს, ეს ნამდვილად ასე მგონია და ალბათ არ იქნება მართალი, თუ ამას არ გეტყოდით ღიად“, – განაცხადა წულუკიანმა.