თეა წულუკიანი - გთხოვთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად სიარული
მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული, ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართა, რომ ერთმანეთისგან ერთმეტრიანი დისტანცია დაიკავონ.
„რაც შეეხება იუსტიციის სახლებსა და ფრონტ ოფისებს, მინდა, მივმართო საზოგადოების ყველა წევრს და დაბეჯითებით ვთხოვო, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. მიუხედავად ჩემი და მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება მათ შორის თანხმლები ბავშვებით. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული, ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე, ვინაიდან ქვეყანაში უკვე არსებობს მესამეული გადადების პრეცედენტი. ჩვენ ის პერიოდი გაგვიგრძელდება, რომელშიც ვიცხოვრებთ ყველანი ერთად ჩვეულებრივისგან განსხვავებულ რეჟიმში. იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდა დოკუმენტის ასაღებად, მინდა მოვუწოდო, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მათ ამასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემენ, რადგან ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და თქვენი ოჯახის, თქვენი შვილების ჯანმრთელობა არის გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩემი ვალია, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყოთ მსჯელობა, არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი. დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, ვაგრძელებთ სერვისის გაცემას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.