თეა წულუკიანი - გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის
საქართველოში არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების დიდი ჯგუფი, ეს არის რეალობა და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში ააშენა ისეთი დემოკრატიული სისტემა, რომ ადამიანებს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება აქვთ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, როდესაც ამას ყველა შეაფასებს, როგორც დემოკრატიული მმართველობის მოდელს, მაშინ უფრო გამარტივდება პოლიტიკური დებატი და ბრძოლა.
„ჩვენ ყველამ უნდა დავუშვათ, რომ 800 ათასი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. მიუხედავად იმისა, არის ეს „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დავით ბაქრაძის სახით. როდესაც ამას ღიად შევხედავთ და ვიტყვით, რომ ეს არის მმართველობის სრულიად დემოკრატიული მოდელი, შემდეგ უფრო გაგვიადვილდება პოლიტიკური დებატიც და ბრძოლაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, რეალობაა, რომ 800 ათასზე მეტ მოქალაქეს არ სურს წარსულში დაბრუნება და მეორე ტურში ამის დემონსტრირება უნდა მოხდეს.
„მეორე ტურს რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკური მიზანი არის, ვაჩვენოთ რეალობა. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენ, ვისაც არ გვინდა წარსულში დაბრუნება, ვართ ბევრად მეტი, ვიდრე 800 ათასი ადამიანია. შესაბამისად უნდა ვმობილიზდეთ ყველა, ვიქნებით მინისტრები, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ან ის ადამიანები, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, მაგრამ არ სურთ წარსულში დაბრუნება, არ სურთ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობისთვის, არამედ სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის იბრძვის.
„გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი, ეს ღიად გვითხრა. მას არ აქვს სხვა მიზანი გარდა იმისა, მოხვდეს ამ სკამზე და შეიწყალოს სააკაშვილი, ან სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ საპატიმროებში არიან ან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში, ან რომელთა ექსტრადიცია მოთხოვნილია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის წარსული, მეორე მხარეს კი – მომავლის პერსპექტივა.
„სალომე ზურაბიშვილის სახით ჩვენს მომავალს უნდა გავუხსნათ პერსპექტივა. ერთ მხარესაა წარსული, მეორე მხარეს – მომავლის პერსპექტივა. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი, ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელიც სხვა მიზნისთვის იბრძვის, რომ დასავლეთში გაზრდილმა ქართველმა თავისი წარსული და გამოცდილება მოახმაროს ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ უნდა გვყავდეს უკეთესი და უკეთესი პრეზიდენტი. როცა „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბნელი ძალა კი არ უნდა მოვიდეს, არამედ ჩვენზე უკეთესი. ის ადამიანები ვინც უნივერსიტეტებში სხედან. მე პირადად ვარ ძალიან მშვიდად ვიცი რომ 800 ათასი ამომრჩეველი არის ერთ მხარეს, აქეთ მხარეს კი, ვართ გაცილებით მეტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.