თეა წულუკიანი - გიორგი ვაშაძესა და სალომე სამადაშვილს შევახსენებ, რომ მათი ხელისუფლების დროს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში და გამოყარეს მწერლები
მინდა, გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შევახსენო, რომ მათი ხელისუფლების დროს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში, გამოყარეს მწერლები და არაერთ მათგანს დღემადე აქვს შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძისა და სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რას აპირებს მწერალთა სახლთან დაკავშირებით.
„ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც არის დავით აღმაშენებელი, თქვა, თქვენ ხართ უკულტურობის მინისტრი მწერლების მაკონტროლებელი, შეურაცხყოფები მოდის და შემდეგ არის კითხვა, რას აპირებთ მწერალთა კავშირთან დაკავშირებითო. მინდა, მას შევახსენო და ასევე სალომე სამადაშვილს, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით, რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით? რა გაცინებთ ქალბატონო სალომე, თქვენ არ გახსოვთ ალბათ, ბრიუსელში იყავით მაშინ და ესპრესოს ჭიქით ხელში ალბათ აკვირდებოდით დიპლომატის მშვიდი სახით, რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და გამიხარდა, რომ გაგაცინეთ.
ესე იგი, ქალბატონო სალომე, 2007 წელი დგას, ხოდა 04:00 საათზე სპეცრაზმი, თქვენი ხელისუფლების დროს შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები. არაერთ მათგანს დღესაც აქვს მაშინდელი შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, შემდეგ ამ ხალხს მოუწია დავა სასამართლოში, რომელიც აბა, გამოიცანით როგორ დამთავრდა, წააგეს. ნივთები ფანჯრიდან გადმოუყარეს, ამის დაზუსტება დამავიწყდა და მოკლედ, ეს მწერალთა კავშირი დატოვეს ქუჩაში. შემდეგ ტაშფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ მწერალთა კავშირისდროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში. ეს ხომ რეალობაა და ბატონი გიორგი ვაშაძე მე მეკითხება მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებო. ალბათ მას უნდოდა ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებო. თუ ეს იყო შეკითხვა, მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას ასევე აქვს პრობლემა და ჩვენ 90 000 ლარამდე უკვე დავხარჯეთ, რომ გამაგრების პროცედურები დაგვეფინანსებინა, ასევე მათ პროექტებს ვაფინანსებთ, არც არავინ ეკითხება, რას აკეთებენ და მგონი, ეს კარგია. თუმცა „ლიტერას“, რომელიც კეზერაშვილის პრემია გახდა, რა თქმა უნდა, სამინისტრო არ დაიბრუნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.