თეა წულუკიანი - გიორგი გახარია თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად
თეა წულუკიანი - გიორგი გახარია თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას ნამდვილ ოპოზიციონერობას გაუწევს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას დაბრუნება „ქართული ოცნების“ გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის.

„მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია, მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში.