თეა წულუკიანი გიგა ბოკერიასა და ოთარ კახიძეს - თქვენ არ ხართ პირნათელი ვანო მერაბიშვილის წინაშე, ნუ ატყუებთ პატიმარს
აუხსენით ვანო მერაბიშვილს, რომ არ ხართ მის წინაშე პირნათელი, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.
მისი თქმით, ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილს ატყუებდა, რომ იცავს, გიგა ბოკერია კი, ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილი იულია ტიმოშენკო იყო და სტრასბურგის სასამართლო მას გაათავისუფლებდა.
ოთარ კახიძე გამობრძანდა და ამბობს, რომ თურმე შეიძლება, ვგრძნობდე ზურაბ ადეიშვილის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით „მოცოცხა“ ქვეყნიდან. ცოცხი არის თქვენი სიმბოლო და მოცოცხა. რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანო მერაბიშვილს სულელს, რადგან ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა, როგორც იტყვიან? აბა, აუხსენით მატროსოვის ციხეზე, კვირა ერთია და, რომ დადიხართ ვიზიტზე, იარეთ, პატიმრისთვის ყველა ვიზიტი მნიშვნელოვანია, პირიქით მივესალმებით, მაგრამ ამ კაცს აუხსენით, რომ არ ხართ თქვენ მის წინაშე პირნათელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, პატიმრის მოტყუება არ არის გამართლებული საქციელი, არც ადამიანურად და არც მორალურად.
„ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია, ქალბატონო თინა (თინა ბოკუჩავა) და მისი მოტყუება არ არის კარგი, კაცური, ადამიანური და მორალური საქციელი. ოთარ კახიძე ვანოს ატყუებდა, გიცავო. გიგა ბოკერია მეუბნებოდა, რომ ვანო მერაბიშვილი იულია ტიმოშენკოაო, სტრასბურგი გაგაშვებინებს და დავა წააგეო. ბოკერიას ვეუბნებოდი, ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო მერაბიშვილი იულია და არ გაათავისუფლებს სტრასბურგიმეთქი. სად არის, გამოვიდა ვანო? რატომ ატყუებთ, თუ გამოვიდა და გამომეპარა?“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის დაცვაში თანხას ითხოვდა და ვერ გაიგო, პოლიტიკოსია თუ ადვოკატი.
„ვერც ის გაიგო პოლიტიკოსია, ადვოკატია, „ნაცია“, „ევრონაცია“. ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგებში ითხოვდა ხაზინიდან თანხას, რომ ვანო მერაბიშვილის დაცვაში ფული მინდაო“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას.