თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მართავდა ომის დროს სახელმწიფოს ისე, რომ რუსეთის წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები დაეტოვებინა
ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ აგვისტოს ომზე რუსეთის ცინიკური არგუმენტებისთვის დასაბუთებული პასუხები გაგვეცა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 2017 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის მხრიდან ისმოდა არგუმენტები, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოგდებული ისკანდერი არ არსებობს და ფოტომასალა, რომელიც ჩვენ გვქონდა ფოტოშოფია.
„რუსეთი გვეუბნებოდა ისკანდერი ჩამოვარდა 12 აგვისტოს გორში? ეს ხომ ფოტოშოფია. ამ დონის არგუმენტებს ვისმენდით სტრასბურგის სასამართლოში 2013-დან 2017 წელამდე, ამდენ ხანს ვყოფილვარ მინისტრი, სულ ამას ვისმენდი. შემდეგ მოვიდა დრო, რომ ჩვენ ყველა ღონისთვის უნდა მიგვემართა, რათა ამგვარი ტიპის ცინიკური არგუმენტები გაგვებათილებინა. 700 მტკიცებულებაში არის ერთი-ერთი მატერიალური მტკიცებულება, ის ისკანდერი, რომელიც ჩამოვიტანეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან. როდესაც გაუშვით ქვეყნიდან, მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაგეფორმებინათ, რომელიც მერე მე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში. რატომ არ გააფორმეთ მიღება-ჩაბარების აქტი? მესმის, ბატონო გიგა, რომ ეს მტკივნეული კითხვებია, მაშინ თქვენ ხომ იყავით თანამდებობაზე, უშიშროების საკითხებს კურირებდით. როდესაც ისკანდერს, რომელიც არის ოქროს მტკიცებულება, ატან რაც არ უნდა მეგობარი ქვეყანა იყოს ისე, რომ დოკუმენტი არ ფორმდება, ამასთან დაკავშირებით ცუდია, რომ არ გააფორმეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეძლო და ქვეყნიდან, რომელის სტრატეგიული პარტნიორია, დაიბრუნა მტკიცებულება.
„მტკიცებულების დაბრუნებამ საშუალება მოგვცა, რომ გაგვებათილება სტრასბურგში რუსეთის არგუმენტი, რომ გორში ვინ ჩამოადგო, ფოტოშოფიაო, აღარ იყო მერე უკვე ფოტოშოფი. ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ჯარები 11-ში იდგნენ უკვე თბილისთან, უფრო მეტიც, თქვენ გაკეთებული გაქვთ ის, რაც არ ვიცი, რატომ – არ მინდა ამ თემაზე თქვენთან შევიდე მწვავე დისკუსიაში. არ მინდა გისაყვედუროთ, მაგრამ აბა როგორ გავაკეთო, როდესაც თქვენ გაგიგზავნიათ ნოტა, რომ გავდივართ საომარი ზონიდანო, ეს ნოტა რომ გაგზავნეთ, ამის დედანი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე ასლით ვომობ, რატო მაომებთ ასლით, სად არის დედანი? ეს არის პრელუდია პასუხზე, რომ მე თქვენ მაომებთ, რადგან თქვენ რომ ვერ მართავდით სახელმწიფოს დოკუმენტებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიგო, რომ ვერ მართავდა ომის დროს სახელმწიფო ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა მტკიცებულებები, რათა რუსეთთან უფრო ეფექტური ვყოფილიყავი ბრძოლაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.