თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას - მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ
თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას - მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ

საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა, რომელიც აჰმედ ჩატაევის ციხიდან გაშვებას ეხებოდა.

მინისტრის განმარტებით, იმ დროს, როდესაც ჩატაევის მიმართ პროკურატურამ სასამართლო დარბაზში დააყენა შუამდგომლობა, ეს იყო გირაო და შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა და პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

“პროკურატურის ხელმძღვანელი კბილაშვილი კი იყო, მაგრამ გაფრთხილებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ახსენო და თქვი, რომ შენ იყავი პროკურორიც და მოსამართლეცო – მეუბნება გიგა ბოკერია. რა გჭირთ? – გავემიჯნეთო, იძახით, მაგრამ  მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში იზრდებით და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ. ახლა აგიხსნით ძალიან მარტივ რამეს: მზად ვარ,  დაგეხმაროთ აწმყოს უკეთ გაგებაში, კერძოდ – დიახ, იმ დროს, როდესაც ჩატაევის მიმართ პროკურატურამ სასამართლო დარბაზში დააყენა შუამდგომლობა, ეს იყო გირაო თუ არ მეშლება და შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა, პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ, თქვენი გაფრთხილებების მიუხედავად, ვახსენებ, რომ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი. თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში და დიახ, ჩვენ გვქონდა, გენ.პროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა. ეს არის და ეს. რა არგუმენტი ჰქონდა კბილაშვილს, ეს თქვენ გეცოდინებათ უკეთესად. ბატონო გიგა, ნუ ღელავთ, მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, რომ იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია. ახლა გაიგეთ ის, რასაც ვამბობ, თუ არ გაიგებთ, დარჩებით იმ წარსულში, რომელშიც იდექით და ახლა გავემიჯნეთო, იძახით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება სასამართლოს, თეა წულუკიანის განცხადებით, არის კიდევ ბევრი ხარვეზი. თუმცა, მისივე თქმით, მოხარულია მმართველ გუნდთან ერთად, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სამმა ტალღამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგები, რაც მოიტანა.

თეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას ასევე  მოუწოდა, ნუ ისაუბრებს საზოგადოების სახელით, მით უმეტეს, სანდოობას თუ შევხედავთ.

გიგა ბოკერიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა არის დაბალი.

„მე აქ თვითკმაყოფილებით არ ვარ დაკავებული. ვთქვი, რომ არის კიდევ ბევრი ხარვეზი, თუმცა, თქვენ მე ვერ დამიწესებთ დღის წესრიგს, რა გამიხარდეს და რა არა. მე მიხარია მმართველ გუნდთან ერთად, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სამმა ტალღამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგები, რაც მოიტანა. საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა არის დაბალიო, მოდით ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით, მითუმეტეს სანდოობას თუ შევხედავთ. თქვენ არც სოციოლოგი ბრძანდებით და არც საზოგადოების სახელით საუბრის უფლება მოუცია თქვენთვის ვინმეს. საზოგადოება ენდობა თუ არა სასამართლოს, ეს ვკითხოთ მაგალითად, იმ 227 ბრალდებულს, რომელიც გამართლდა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და ბოდიშს ვერ მოგიხდით იმისთვის, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში გამამართლებელი განაჩენების შარშანდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. 2008-2011 წლებში, 4 წლის მანძილზე, თქვენი სასამართლოსთვის, რომელიც ერთი კაცის ჩექმის ქვეშ გყავდათ და მაშინ გაფრთხილებები რომ გეთქვათ, ბატონო გიგა, იქნებ არ გადასულიყავით რელსებიდან და დღესაც ყოფილიყავით ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.