თეა წულუკიანი - „გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები და სამშობლოს ლანძღვას არც მომავალში ავიტან
მესმის, რომ „გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები, მთავარი წესი და წითელი ხაზის გადის საკუთარ სამშობლოზე, ამ სამშობლოს ლანძღვას არც მომავალში ავიტან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დანიაში მაღალი დონის ანტიკორუფციული კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ყველა მოიხსენიებდა როგორც წარმატებულ ქვეყანას.
„კონფერენციაზე ყველა მოიხსენიებდა აქებდა ქართველ ხალხს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია, რომ ყოფილიყო სწორ გზაზე მდგარი ქვეყანა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ჩემი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების სიტყვები. საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ კონფერენციაზე აქებდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, ევროპული რეკონსტრუქციის ბანკი, ჩვენი რეგიონიდან ქვეყნები და სხვა ქვეყნები, მაგალითად როგორიც არის არგენტინა. კონფერენციაზე არავინ დაიშურა ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი ქება, კეთილი სურვილები. მქონდა პატივი, რომ საქართველო ამ კონფერენციაზე წარმომედგინა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც აუდიტორიაში ფეხზე წამოდგა და საქართველოს ლანძღვა დაიწყო, ეს იყო „გამჭვირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც თქვა – არ დაიჯეროთ საქართველო არ არის წარმატებული ქვეყანა.
„მინდა, მათ დავპირდე და ბევრ სხვასაც, ვინც დააპირებს, რომ იქ, სადაც ვიქნები მე, იქნებიან ჩვენი მთავრობის სხვა წევრები, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომ გალანძღონ ჩვენი ქვეყანა. ამას მე იქაც წინ აღვუდექი. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ეს ყოფილიყო მოკლე პასუხი და იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე გარკვეული პროცესები არ იქნება მავანთა მიერ გამოყენებული იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო გალანძღონ, დააკნინონ უცხოელი პარტნიორების თვალში. ეს არ არის სწორი ქცევა. არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ბატონი ონიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხმას იმაღლებდა იმის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა ქვეყანაში. მე არ მახსენდება ეს ადამიანი მაშინ დანიაში ან სხვა ქვეყანაში გამოსულიყო ხმამაღლა იმ სისასტიკეების წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მესმის, რომ „გამჭვირვალობა საქართველო“ არის პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები, მთავარი წესი და წითელი ხაზის გადის საკუთარ სამშობლოზე, ამ სამშობლოს ლანძღვას არც მომავალში ავიტან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.