თეა წულუკიანი - გალკინისა და კიდევ რამდენიმე შემოქმედის კონცერტები გაუქმდა კერძო სექტორში, ამაზე საყვედურობენ ხელისუფლებას, გვაქვს ორი სახელმწიფო დარბაზი, რომელიც ყველასთვის ღიაა
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებს, კერძო სექტორში გაიმართება თუ არა კონცერტი. წულუკიანმა კომენტარი გააკეთა მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანის თქმით, არის ორი სახელმწიფო დარბაზი, რომელიც ყველასთვის ღიაა.
„საოცარი რამის მომსწრენი ვართ – ბატონი გალკინისა და კიდევ რამდენიმე შემოქმედის კონცერტი კერძო სექტორში იყო დაგეგმილი, კერძო კომპანიებში, მაგალითად სპორტის სასახლეში, კიდევ მგონი, სხვა ლოკაციებზე; ეს გაუქმდა და ამაზე საყვედურობენ ზოგიერთი ვითომ მედიასაშუალებები, რომლებიც ყალბი ამბების გავრცელებით არიან დაკავებული, კულტურის სამინისტროსა და ხელისუფლებას. ამ პრეტენზიის ადრესატი ვერ იქნება სახელმწიფო, რადგან კერძო სექტორში კონცერტი გაიმართება თუ არა, ამას ვერ აკონტროლებს, არ აკონტროლებს და არ უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო. შემიძლია, სახელმწიფოს პოზიციიდან მხოლოდ ის ვთქვა, რაც არის ჩემი კომპეტენციის სფერო – ჩვენ გვაქვს სახელმწიფო დარბაზები, იქნება ეს თბილისში, ფილარმონიის სახელით ცნობილი საკონცერტო დარბაზი; მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს; გვაქვს ეს დარბაზი და ასევე უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის შედეგად შექმნილი „ბლექ სი არენა“, რომელიც ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს გადმოსცა; ესეც გვაქვს სახელმწიფო დარბაზის სახით; ფილარმონიაში ორი ათასზე მეტი მაყურებელი ეტევა, „ბლექ სი არენაზე“ 6 000-ზე მეტი, თუ სწორად მახსოვს და ნებისმიერ დაინტერსებულ ამ შემოქმედს შეუძლია, სახელმწიფო სივრცეს თუ ეძებს, ან ერთი სივრცე გამოიყენოს, ან მეორე; გადაიხდიან ჩვეულებრივად იჯარას და გამართავენ კონცერტს; ამიტომ, ის რაც კერძო სექტორში ხდება, ჩვენ ამაზე ვერ ვხსნით, რა ხდება და ვერ ვამბობთ პასუხს. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფოს ფარგლებში გვაქვს ეს ორი სახელმწიფო დარბაზი, რომელიც არის ყველასთვის ღია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.