თეა წულუკიანი - გაგვიჭირდება ვისაუბროთ, ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებით ვინ მართალია და ვინ მტყუანი, შეგვიძლია, ვისაუბროთ, რას ამბობენ დოკუმენტები
თეა წულუკიანი - გაგვიჭირდება ვისაუბროთ, ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებით ვინ მართალია და ვინ მტყუანი, შეგვიძლია, ვისაუბროთ, რას ამბობენ დოკუმენტები

ძალიან გაგვიჭირდება დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რას ამბობენ დოკუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.

წულუკიანის თქმით, დოკუმენტების თანახმად, ეროვნული მუზეუმის და სხვადასხვა მუზეუმების მიერ რამდენიმე ათეული ფერწერული ტილო გაცემულია საელჩოების ბალანსზე, რომლებიც დღეს აღარ იძებნება.

კულტურის მინისტრის განცხადებით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე კულტურის სამინისტროში დღეს იმყოფებოდა. წულუკიანის თქმით, ლორთქიფანიძე კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის ფარგლებში გამოკითხა.

„დოკუმენტები ამბობენ რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს, რომ რამდენიმე ათეული ფერწერული ტილო არის საელჩოების ბალანსზე გადაცემული ეროვნული მუზეუმის და სხვადასხვა მუზეუმების მიერ, ისინი აღარ იძებნება. ამ თემაზე ინფორმაცია გადაგზავნილია არაერთი წლის წინ ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროკურატურაში და გამოძიება მიმდინარეობს. ასევე ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც ეხება 2018-2020 წლებში ეროვნული მუზეუმის საქმიანობას და იმ უამრავ ხარვეზს, რომელიც არის დადასტურებული. ეს დასკვნაც სამი დღის წინ გადაიგზავნა დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო პროკურატურაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შემოწმების პროცესი, სადაც როგორც იქნა, მხოლოდ და მხოლოდ დღეს დილით, გენერალურმა დირექტორმა ეროვნული მუზეუმისა გამოხატა ნება და მობრძანდა სამინისტროში და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის ფარგლებში გამოიკითხა.

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა – ის ამბობს, რომ არ იცის და არ გაუგონია. ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, თუ რას დაადასტურებენ სხვა ადამიანები. მაგალითად ფონდის მცველები, რომლებიც ამბობენ, რომ სამინისტრო მართალია, როცა ამბობს ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. დაველოდოთ ამ პროცედურების დასრულებას. როგორც დაგპირდით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკვე ყველა შემაჯამებელ დოკუმენტებზე შეგვეძლება საჯარო განხილვა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, როდესაც ეროვნულ მუზეუმს თითქმის, ერთი წელია, მართავს არა კონკრეტულად ერთი პირი, არამედ დირექტორატი, დირექტორატის ყველა წევრმა, მათ შორის დავით ლორთქიფანიძემ კეთილი უნდა ინებოს და პარტნიორულ რეჟიმში მართოს ეს გაერთიანება.

„ყველას კარგად გვესმის, როდესაც ეროვნულ მუზეუმს უკვე ერთი წელია, თითქმის, მართავს არა კონკრეტულად ერთი პირი, არამედ დირექტორატი, დირექტორატის ყველა წევრმა, მათ შორის ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც გახლავთ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი აგერ უკვე მეთექვსმეტე წელია, კეთილი უნდა ინებოს და კოლეგიალურად, მეგობრულად, პარტნიორულ რეჟიმში მართოს ეს გაერთიანება, რასაც დღემდე სამწუხაროდ არ აკეთებს. მაგალითად, ხელოვნების მუზეუმის ფონდებში კვლევისათვის საგრანტო განაცხადი შეიტანა მან შოთა რუსთაველის ფონდში ისე, რომ ხელოვნების მუზეუმის დირექტორს დაუმალა ფაქტი. რა თქმა უნდა, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ხელოვნების მუზეუმის დირექტორის რეაქცია და დირექტორატის გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენ ვკითხულობთ, რომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, სხვებისგან მალულად განხორციელებული პროცედურის პირობებში, არ მიემართოს ამ ეტაპზე შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს იმისთვის, რომ ეს თანხები იქნეს გამოთხოვილი. თუმცა დისკუსია, შესაძლოა, გაგრძელდეს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს კოლეგიურ პირობებში და ერთმანეთის პატივისცემის პირობებში. იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომას გაიზიარებს ეროვნული მუზეუმის დირექტორი“,- განაცხადა წულუკიანმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.​ კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიშში საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზეც და რამდენიმე ფაქტი არის ასახული.