თეა წულუკიანი - ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს სააკაშვილის თემით აჟიტირება, სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს
მორიგ ჯერზე ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს აჟიტირება თემით, რომელსაც ჰქვია ჰუმანიტარული საქმე მიხეილ სააკაშვილისა. ასე მოიგონეს ახლა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითიც დღეს ევროპარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი.
„მაგალითად, ზოგიერთ ევროპარლამენტარს უნდა ავუხსნათ, რომ მწერალთა სახლის შენობა, საიდანაც კომენტარს ვაკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილია საქართველოსთვის და მისი კულტურისთვის. ამ შენობიდან თავის დროზე სააკაშვილმა სპეცრაზმის ძალით გაყარა მწერლები. არაერთი მათგანი ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა კიდეც. აქ დაავანა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ მისი მაამებლობით იყო დაკავებული, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებ ცოდვად ჩაითვლებოდა, მხოლოდ აქ რომ გაჩერებულიყო. შემდეგ მოხდა მკვლელობის, გაუპატიურების, ცემის, ტირანიის არაერთი გამოხატულება და ფაქტი. დღეს სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და ყველაფერზე მიდის, რათა კანონიერი სასჯელი აირიდოს. ის კრიმინალია და, რასაკვირველია, უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანის განცხადებით, როდესაც პატიმარი რთულ ქცევას ირჩევს, საკუთარ თავს აზიანებს, ასეთ დროს ევროპული სასამართლო პასუხისმგებლობების საკითხს ორი მიმართულებით იხილავს.
„პირველი, აკეთებს თუ არა ყველაფერს პენიტენციური სამსახური, რათა გადაარწმუნოს პაციენტი, ამ შემთხვევაში, პატიმარი და აძლევს თუ არა ყველა ტიპის რჩევას, უწევს მზრუნველობას და სამედიცინო დახმარებას, რათა პატიმარი სწორ გზაზე დადგეს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესში. ვფიქრობ, ეს პირველი ტესტი პენიტენციურ სამსახურს ჩაბარებული აქვს და პასუხია, დიახ, სახელმწიფო ანუ პენიტენიური სამსახური ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
მეორე მიმართულებით პასუხისმგებლობა არის პატიმრის, რომელმაც უნდა გაითავისოს, რომ დააშავა, უნდა გაითავისოს, რომ ის სასჯელმისჯილი პატიმარია ანუ მსჯავრდებულია და ასეთ დროს ჩვეულებისამებრ, ადამიანს ევალება სასჯელის მოხდა და უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა სრულად არის პატიმარზე, ვინაიდან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მას ცუდი ქცევა შეაწყვეტინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.