თეა წულუკიანი - ჩვენ ერთმანეთს ულტიმატუმის ენით არ ვესაუბრებით, ეს არის გუნდი, სადაც ყველას შეუძლია, გამოთქვას განსხვავებული პოზიცია
მინდა გითხრათ, რომ ეს მთავრობა არ არის ის მთავრობა, სადაც ჩვენ ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ვესაუბრებით, ეს არის გუნდი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას განსხვავებული პოზიცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ ეს მთავრობა არ არის ის მთავრობა, სადაც ჩვენ ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ვესაუბრებით, ეს არის გუნდი, სადაც მე, ისევე როგორც სხვა კოლეგებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვთქვათ განსხვავებული პოზიცია. პოზიციები შევაჯერეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი ამოწურული იყო. ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო ჯანსაღი, ვიდრე ზოგიერთი სისტემა, რომელიც მაგალითად წარსულში გვინახავს, როდესაც მართლაც ულტიმატუმების ენით ესაუბრებოდნენ და შემდეგ ეთერებში სხდებოდნენ ხოლმე თავდაცვის მინისტრები. ეს ექვსი წლის წინ დასრულდა, აზრთა სხვადასხვაობა რომ არსებობდა გარკვეულ თემაზე, ეს ამბავი მედიისთვის გახდა ცნობილი რამდენიმე დღის წინ და ვინაიდან ჩვენ თქვენ კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებთ, გვაქვს ვალდებულება ვიყოთ გულწრფელები. გულწრფელად დაგიდასტურეთ, რომ ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მამუკა ბახტაძე არ არის ის, ვისაც ვინმე ულტიმატუმის ენაზე მთავრობის ფარგლებში დაელაპარაკება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სხვადასხვა აღმასრულებელ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა როგორიც არ უნდა იყოს, ის არასოდეს არ იქნება გუნდის რღვევის ნიშანი.
„2010 წელს მაისში, როდესაც დავბრუნდი სტრასბურგიდან და ჩავერთე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის ის ბრძოლა, რომელიც იქნება ჩემთან ერთად, ვიდრე მივიჩნევ, რომ ეს ძალა შეწინააღმდეგებას საჭიროებს და ეს ბრძოლის ველი გადის „ქართული ოცნების“ თანამებრძოლებთან ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას პარლამენტში ექნება მინისტრის საათი, სადაც უფრო დეტალურად ისაუბრებს.
კითხვაზე, სიტუაციის დარეგულირებაში ჩაერთო თუ არა ბიძინა ივანიშვილი, თეა წულუკიანი პასუხობს, რომ საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების თემა იყო და ჯანსაღი პროცესით მივიდნენ საბოლოო პოზიციამდე.
„ასე მოგვაჩვიეს წარსულში, რომ ყველაფერს წყვეტდა ხოლმე ერთი კაცი, რომელიც ახლა მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის სახელით არის მსოფლიოში ცნობილი. ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ხშირად ასე არ არის და ამ შემთხვევაშიც ის აღმასრულებელი თემა რაც იყო , ჩვენ განვიხილეთ და მივედით გუნდის საერთო პოზიციამდე და ეს იყო ჯანსაღი პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.