თეა წულუკიანი - ეროვნული არქივის კინოთეატრი არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“
თეა წულუკიანი - ეროვნული არქივის კინოთეატრი არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული არქივის ახალგახსნილ კინოთეატრზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი.

„ეს არის კინოდარბაზი, სადაც 1970-1990-იან წლებში იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო კულტურული სივრცე, რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის. დღეს კი, რეკონსტრუქციის შედეგად, ჩვენ გვაქვს თანამედროვე კინოთეატრი, რომელიც არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“. ეს არის კინოდარბაზი, რომელიც იმავე სტანდარტებს აკმაყოფილებს – იქნება ეს „დოლბი“ ხმის სისტემა თუ სხვა. მაგრამ არის კიდევ უფრო უკეთესი, რადგან არ არის კომერციული და ბილეთის ღირებულება – 5 ლარი – საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალი მოვაწყოთ და ბავშვებს ხელმისაწვდომ ფასად ვაზიაროთ კულტურის ნიმუშები.

ასევე, ახალგაზრდა, ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დავეხმაროთ, რადგან როგორც იცით, ფესტივალებზე მონაწილეობა ხანდახან არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუკი შენი ქვეყნის შიგნით შესაბამისი სტანდარტის კინოდარბაზში გაქვს ნაჩვენები შენი ნამუშევარი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 22 მარტს ეროვნული არქივის კინოთეატრში მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალი იხსნება.

„ეს დარბაზი არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნული არქივის შენობაში და პარასკევს ყველას გეპატიჟებით. აქ იხსნება ფესტივალი სწორედ იმ მულტიპლიკაციური ფილმების, რომლებიც სხვა მხრივ არის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი. UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთ ბავშვს საქართველოში ერთი წიგნიც კი არ აქვს, არამც თუ მისთვის სასურველ ფილმებზე ხელმისაწვდომობა. ამ მხრივაც ვმუშაობთ, ესეც არის ჩემთვის საამაყო „წარუმატებლობა“, როგორც დღეს მჭერმეტყველებდა არაერთი ოპოზიციონერი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.