თეა წულუკიანი - ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება რუსეთისთვის საქართველოს წინაშე უპრეცედენტო მარცხი იყო
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება რუსეთისთვის საქართველოს წინაშე უპრეცედენტო მარცხი იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის შედეგები გააცნო.
მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებზე ისაუბრა, მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე.
„რაც შეეხება საერთაშორისო დავებს, როგორც იცით, წელს, 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო დავა დეპორტირებულების დავაზე კომპენსაციის ნაწილში. არსებით ნაწილში აღნიშნული დავა 2014 წელს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. კომპენსაციის ნაწილშიც დადგა ჩვენს სასარგებლოდ გამარჯვება. რუსეთისთვის ეს არის უპრეცედენტო მარცხი, რადგან, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო ნორმებიდან გამომდინარე რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი არც ერთ სახელმწიფოთაშორის დავაზე აქამდე არ დამარცხებულა. ჩვენს სასარგებლოდ კი, მას დაეკისრა 10 მლნ ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულებისთვის გადასაცემად, რომლებიც დეპორტირებულ იქნენ მასობრივად 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საქმეზე მისმა უწყებამ 2012 წლის ოქტომბრიდან ძალიან ბევრი იმუშავა.
მისი შეფასებით, ცრუა განცხადებები, რომელთა თანახმადაც, აღნიშნული დავა იქამდე იყო მოგებული.
„მე პასუხები არ მაქვს და, შესაბამისად, არ ვიცი, დღეს რამდენად მოვისმენ ამ პასუხებს, თუმცა, მინდა, გითხრათ კითხვა, რომელიც მაქვს: როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4 634 მოქალაქის სახელით წარადგინა, რატომ დაურთო 4634 პირის სახელით შეტანილ სარჩელს მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს?! უკვე ჩვენ დაგვევალა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომ ეს 118-კაციანი სია შეგვევსო, თუკი ვიყავით მართლები, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4 634“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, უწყებამ პრაქტიკულად, ნულიდან დაიწყო ამ სიის შედგენა 10 წლისთავზე, რაც, მინისტრის შეფასებით, არის სირცხვილი.
„ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტელეფონით, მეილით და სხვა არხებით 1 795 მოქალაქე მოგვეძებნა 10 წლის შემდეგ და სწორედ მათი მონაცემები გაგვეგზავნა. იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი კვლავ დაბრუნდნენ რუსეთში და აღარ სურთ დავა, მაგრამ მათი რიცხვი არ იყო დიდი. ასეა თუ ისე, წარსული, ალბათ, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, თუმცა, კითხვის ნიშნები მაქვს და მაინტერესებს პასუხი დღეს ან სხვა დროს − რატომ მოხდა ასე და რატომ გახდა ჩემი მმართველობის პირობებში ეს საქმე გასაკეთებელი, რაც შეიძლებოდა, მაშინვე, ცხელ კვალზე გაკეთებულიყო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ზრუნვა აღნიშნული საქმის აღსრულებაზე, თუმცა, მისივე განმარტებით, რუსეთს ჯერ აქვს ვადა. თანხის ჩასარიცხად რუსეთისთვის სამთვიანი ვადა იყო დადგენილი.