თეა წულუკიანი - ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური ჰააგის სასამართლოს პროკურორს ხვდება
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება, რადგან ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან არის გადამწყვეტი, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მამუკა ბახტაძისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან არის გადამწყვეტი, რათა სასამართლომ შეაგროვოს მტკიცებულებები გამოძიების პროცესში.
„მნიშვნელოვანია, რათა კიდევ ერთხელ დადასტურდეს საქართველოს მხრიდან ის, რაც არის სასიცოცხლო და მთავარი, რომ ამ გამოძიებისას ჩვენ ვეძიებთ დამტკიცებას იმ დანაშაულებების, რომლებიც ეხება ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობას, ქართველების ეთნიკური წმენდას. ასევე, გორის დაბომბვას 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა გამოიყენა „ისკანდერი“. ამ ყველაფერზე თანამშრომლობის გარეშე წინსვლა ვერ იქნება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეს პრიორიტეტები; ითქვა, რომ საქართველო ჩაატარებს ოქტომბერში უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონფერენციას; ითქვა ისიც, რომ ჩვენ ახალ ფურცელს გადავშლით თანამშრომლობის დარგში და ხელს მოვაწერთ მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას პატიმრების გაცვლის სფეროში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.