თეა წულუკიანი - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამ ხარისხის მხარდაჭერა
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ დაფიქსირებული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტსა და ამერიკის გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამ ხარისხის კიდევ ერთხელ გამოცხადებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როგორც აქამდე მიმდინარეობდა ეს პროცესი აქტიურად, მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას ვისახავთ მიზნად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, ყველა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა პრიორიტეტია, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი. ამის მაგალითად იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის თემაზე ხვალინდელი სასამართლო პროცესი მოიყვანა.
„საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. მივესალმებით და მადლიერი ვართ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების. ის სამართლებრივი დავა კი, რომელიც ხვალ ზეპირი სხდომის სახით შედგება სტრასბურგის სასამართლოში, საბოლოოდ მოგვცემს პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შევძლებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა და შევქმნით პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს, რომ ეს მშვიდობიანი ბრძოლა იყოს წარმატებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის თემაზე, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო ღია განხილვა ხვალ გაიმართება.
რაც შეეხება აშშ-ში პრემიერის ვიზიტს და გზავნილებს, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შემაჯამებელი განცხადება განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. „როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გასული წლის ივლისში, თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ამაყები ვართ თქვენთან სტრატეგიული თანამშრომლობით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.