თეა წულუკიანი - ძალიან გამიკვირდა გახარიას წასვლა, კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა, არ მინდა, იქამდე მივიდე, რომ ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება მისთვის გასაკვირი იყო, ისევე როგორც გაუკვირდა თავის დროზე გახარიას მიერ მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვება.
წულუკიანის თქმით, გახარიას პოლიტიკაში შემობრუნების გადაწყვეტილება, მას კითხვის ნიშნებს უჩენს.
„ბევრი ამბობდა, მათ შორის მედიასივრცეში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ის დაბრუნდება, ის ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში და ა.შ. რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი. ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა, ამას ვიტყვი. მე მგონია, რომ ჯობდა, არ წასულიყო, რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.
თუ შემობრუნდა, და როგორ ჩანს, ეს მას გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, საინტერესო იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია. თუმცა, გუნდში, ყველა, ვინც ვნახე მე დღეს პარლამენტში გადაბარების პროცესში, გაკვირვებული იყო მაინც მისი ამ განცხადებით, მათ შორის მე“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის შეფასებით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში ისევ ჩართვა „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო ვერ იქნება.
„ეს ჩვენთვის საზიანო ვერ იქნება, მაგრამ პიროვნულად მისთვის უკან დაბრუნება რამდენად კარგია, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ იქნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.