თეა წულუკიანი - ძალიან დიდი ფინანსური ტვირთისგან 37 ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას.
წულუკიანის განცხადებით, მისი თავდაპირველი იდეა სწორედ ის იყო, რომ ეს ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ ძალიან დიდი ფინანსური ტვირთისგან, რასაც ხშირ შემთხვევაში, ხოლმე ადმინისტრაციული სახდელის გადახდა წარმოადგენს.
„აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ჩვენს აღმასრულებლებს იმ ადამიანების შეწუხება უწევთ, რომელთაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში ახსენებენ, გადაიხადე ესა თუ ის თანხა. ამ კანონით, ეს წნეხი მოხსნილია. 37 000-ზე მეტი ადამიანია და მთლიანი ფინანსური ტვირთი, რომელიც მოიხსნება, არის 23 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ დავიწყებთ ამ საქმეების დახურვას და თითოეულ მათგანს ამის შესახებ უკვე აღსრულების ბიურო უმოკლეს დროში აცნობებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, პარლამენტის მიერ იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის დამტკიცებას ოპონენტები არჩევნებს ხომ არ დაუკავშირებენ, თეა წულუკიანმა განაცხადა:
„მოცემული მოწყვლადი ჯგუფების გათავისუფლება იმ შემთხვევაშია ძალაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე. შესაბამისად, როდესაც ეს პროექტი წარვადგინეთ ჯერ მთავრობაში და შემდგომ პარლამენტის წინაშე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვერავითარ პოლიტიკურ მიზანს ვერ დავისახავდით და არ დავისახავდით. ჩვენ ვისახავდით იმას, რაც არის სოციალური პრობლემები, რასაც ჩვენი აღმასრულებლები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან. ვხედავთ, რომ ადამიანებს, რაც არ უნდა კანონმორჩილი იყვნენ, არ აქვთ იმის საშუალება, ეს ფინანსური ტვირთი აწიონ. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე გამოვყავით ეს ჯგუფები და შევთავაზეთ პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. ამასთან, კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.