თეა წულუკიანი - დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ვერც ერთ პარტიას ვერ ვეტყვით, ოღონდ შემოდი პარლამენტში და საკუთარ თავს ხმებს წავართმევთ, ეს ვერ მოხდება
სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ არსებობს, რომ ჩვენ, ვინაიდან გვაქვს უკვე უმრავლესობა, არჩევნების დასრულებისა და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ, დეკემბერში პარლამენტში შევიკრიბოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართელოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი ინიციატივით არაერთი უბანი გადათვალა, გასწორდა ოქმები, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატები, ასევე ოპოზიციის ზოგიერთი კანდიდატი იყო დაზიანებული.
„რა თქმა უნდა, სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ არსებობს, რომ ჩვენ, ვინაიდან გვაქვს უკვე უმრავლესობა, არჩევნების დასრულებისა და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ, დეკემბერში პარლამენტში შევიკრიბოთ, კანონებსაც მივიღებთ და ვაწარმოებთ იმ საქმიანობას, რისთვისაც ჩვენმა 928 000-მა, თითქმის მილიონმა ადამიანმა მოგვცა ხმა. ჩვენ, დიდი ბოდიშის მოხდით, ვერც ერთ პარტიას ვერ ვერტყვით, რომ ოღონდ შემოდი პარლამენტში და ამიტომ, საკუთარ თავს ხმებს წავართმევთ, ეს ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ საჩივრების საფუძველზე, თავის ინიციატივით საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი უბანი გადათვალა და იყო ჩასწორებები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვთქვათ სიმართლე – იყო უბანი, სადაც მაგალითად, ოპოციზიურ კანდიდატს მოემატა რამდენიმე ათეული ხმა და იყო უბანი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვგულისხმობ სოზარ სუბარს 200 ხმა ჰქონდა წართმეული და ბატონი ხაბეიშვილი იყო პირველ ადგილზე იმ უბანში. 200 ხმა ჰქონდა „ქართული ოცნების“კანდიდატს წართმეული და ამ დროს „ქართულ ოცნებას“ იქ არც მოუთხოვია გადათვლა. გადათვლა მოითხოვა „ლელომ“ და „ლელოს“ კანდიდატსაც, ქალბატონ ფიქრიასაც რამდენიმე ათეული ხმა მოემატა, მაგრამ 200 ხმა მოემატა სუბარს, რითაც ის ამ უბანზე გადავიდა პირველ ადგილზე. შესაბამისად, როდესაც გადათვლა მოხდა და გასწორდა ოქმები, იქ აღმოჩნდა, რომ როგორც ჩვენი კანდიდატები, ასევე ოპოზიციის ზოგიერთი კანდიდატი იყო დაზიანებული. მთავარია, პროცესი არის ჯანსაღი, არავინ არ ამბობს, რომ ის, რაც გასასწორებელია, თუნდაც ხელმოწერების ოდენობა, არ კმაროდა, სხვა პრობლემებიც იყო, დოკუმენტური დარღვევები რომ დაარქვეს დამკვირვებლებმა და ეს სწორდება. შესაბამისად, ახლა ყველამ თავის პასუხისმგებლობას უნდა გაუსწოროს თვალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.