თეა წულუკიანი - დღევანდელი სანქციების მიზანია, შექმნან უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და ხალხი დარჩება საფრთხეებთან ფარის გარეშე
დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავს, შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და ხალხი დარჩება პირისპირ საფრთხეებთან ფარის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა მთავარი მიზნისთვის, დააშორონ ერთმანეთს ხელისუფლება და ერი, მრავალი თვეა, მიმდინარეობს.
„თითქოს ჩვენ ვართ ფენომენები, რომლებსაც არც დასავლეთი გვესმის, არც არაფერი ვიცით, ვართ მიუღებლები. ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენსავე ერს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს. ეს ხელისუფლება არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, არცერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვინც გვისმენს, იმან კარგად იცის, რატომ არის სამარცხვინო.
დღევანდელი სანქციები, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს იმას, რომ შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან ის უმცირესობა, რომელიც არის ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოების ფართო მასების აზრი. როდესაც ეს მოხდება, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება? ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან ფარის გარეშე, რომელი საფრთხეების არიდებასაც ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვცდილობთ და დღემდე წარმატებასაც ვაღწევთ, რადგან საფრთხე არ რეალიზდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.