თეა წულუკიანი - დღეს სიურპრიზად, მედიით შევიტყვე ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს
ნინო გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილება დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე და მასთან საუბარს აუცილებლად ვაპირებ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნინო გვენეტაძესთან კონტაქტი რამდენიმე კვირაა არ ჰქონია.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გვენეტაძის გადადაგომა და შესაძლოა თუ არა, კავშირში იყოს ე.წ. ციანიდის საქმესთან, თეა წულუკიანი ამას გამორიცხავს.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არ მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი. დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ გავიგო რა ტიპის პრობლემები აქვს, როგორ განაცხადა ჯანმრთელობის, მოვიკითხო ეს ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.