თეა წულუკიანი - დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს, მშვიდობას და სტაბილურობას, მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, უკვე მერამდენე წელია, მშვიდობის, სტაბილურობის გარანტია
ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც, უკვე მერამდენე წელია, არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს ჩემთვის უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი. მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროს გოგონებს და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბებოდნენ და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, მაშინაც კი, როდესაც ხარ ბედნიერი. ამიტომ იცოდეთ, ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რამე შეგვიძლია, თქვენ გვერდით გვიგულეთ.
ჩვენ, ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, წელს საარჩევნო წელია და საჭიროა, „ქართული ოცნების“ პარტიის ქალები და ქალთა ორგანიზაციის წევრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
„მინდა, წინასწარ თითოეულ თქვენგანს, სოფლებში, ქალაქებში, ვინც იბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მადლობა გადაგიხადოთ ყველას სახელით და, რა თქმა უნდა, ვინც ახლა გვისმენს ტელეეკრანთან, მათ ასევე მოვუწოდო აქტიურობისკენ, რადგან კიდევ მორიგჯერ არჩევნებზე მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის. არჩევანი იქნება მარტივი. ჩვენ, ყველანი, ქალები და კაცები ამ ქვეყანაში ხმას მივცემთ მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას.
ამ მაღალი ტრიბუნიდან, როგორც სპორტის მინისტრს, მეჩვენება, რომ არის საუკთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და პატივი მივაგო ჩვენი გამარჯვებული ფეხბურთელების მეუღლეებს, დედებსა და ბებიებს. იმ ქალებს, ვინც ეს გამარჯვება ჩვენს სპორტსმენებთან ერთად მოიტანეს.
მინდა, დაგპირდეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, ქალბატონი ნინო წილოსანისა და ჩვენი შესანიშნავი გამგეობისა და რეგიონული ხელმძღვანელების ზედამხედველობის ქვეშ. მინდა, თქვენსავით, თქვენ გვერდით მიგულოთ „ქართული ოცნებისა“ და ქალთა ორგანიზაციის რიგით ჯარისკაცად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.