თეა წულუკიანი - დეკემბრის პროცესებმა აჩვენა, რომ იუსტიციის საბჭოს ტესტის ჩაბარება გაუჭირდა
არ მგონია, რომ მოსამართლეებმა თავიანთი გამონათქვამებით წყალში გადაყარეს რეფორმის სამი ტალღა და ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„არ მგონია, რომ მათ წყალში გადაყარეს რეფორმის ის სამი ტალღა და ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელშიც ჩვენი, ყველას ძალისხმევა და დიდი ენერგიაა ჩადებული. მე მართლა არ მგონია ასე“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გადაყარეს თუ არა წყალში მთელი რეფორმა მოსამართლეებმა ბოლოდროინდელი ქცევით, როგორც ეს ეკა ბესელიამ ორი დღის წინ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო არის თემა, რომელიც ყველას აღელვებს და რა თქმა უნდა, მშვიდად ვერ იქნება, მაგრამ იცავს იმ ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც კონსტიტუციამ განუსაზღვრა.
„ვიცავ იმ ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც კონსტიტუციამ განმისაზღვრა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესიდან მთლიანად მთავრობა გამოგვრიცხა. თქვენს ეთერში ადრე ვთქვი, რომ ეს იუსტიციის საბჭოსთვის ტესტი იქნება-მეთქი და რეალურად, დეკემბრის პროცესებმა ჩემთვის აჩვენა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ ტესტის ჩაბარება გაუჭირდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მხარეები დისკუსიის პროცესში შევიდნენ, დღეს ხედავს იმას, რაც იმედს აძლევს.
„ახლა, თქვენ შეგიძლიათ, იფიქროთ, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, მოვლენებს ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებ და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროცესი დღეს მაინც უფრო ჯანსაღ ტალღაში და არხში მოექცა, ვიდრე დეკემბერში იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაზე შეთანხმდა საპარლამენტო უმრავლესობა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კონსენსუსის საფუძველი გამოჩნდა, ხოლო არის თუ არა შეთანხმება, ამას მომდევნო დღეები გვაჩვენებს.
„კონსენსუსის საფუძველი გამოჩნდა. ეს არის უვადო დანიშვნების შეჩერების საკითხზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა არის მდგომარეობაში, სადაც მართლმსაჯულებას და სასამართლო ხელისუფლებას ხელმძღვანელი არ ჰყავს, ხოლო სანამ ხელმძღვანელი არ ეყოლება და გონივრული დრო არ მიეცემა, შიგნით იმუშაოს და სისტემის უკეთესად ფუნქციონირებაზე საკუთარი ხედვა გაიჩინოს, გონივრული იქნებოდა ამ პროცესის მინიმუმ ამ დროით გადადება.