თეა წულუკიანი - ჩვენმა ხელისუფლებამ სტრასბურგიდან ჩვენს შვილებს ჩამოუტანა არა პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან, ომი არის ცუდი, დევნილები უნდა დავბრუნდეთ
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს მოუწოდა, 30 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ.
წულუკიანის თქმით, შაბათს ერთ მხარეს არის ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, მეორე მხარეს კი არის „ქართული ოცნება“, რომელმაც სტრასბურგიდან ჩამოიტანა სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან, ომი არის ცუდი და დევნილები უნდა დაბრუნდნენ.
„მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. მასსავით პატარა გოგოები და ბიჭები, საუბედუროდ, ქვეყანაში უკვე არის ასეულობით ათასობით დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან, რომ არა ეს უბედურობები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნნენ. მე მოვუწოდებ ყველა დედას, შაბათს არჩევნებზე მივიდეთ, ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი. მეორე მხარეს ვართ ჩვენ. თუნდაც ერთი მაგალითი კმარა, რომ დავახასიათოთ ეს ძალა – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
ჩვენმა ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, არა რაიმე პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი, რომ დევნილები უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი შვილები დაბრუნდნენ იქ თავიანთ თანატოლებთან, ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.
რა კავშირი აქვს ამას შაბათის არჩევნებთან? კავშირი არის მარტივი, რადგან ერთ მხარეს არის სიყალბე, ქართველთმოძულეობა, ადამიანთმოძულეობა, ფსევდოევროპელობა და მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა. სია, რა ვაკეთეთ ჩვენ, ნარის გრძელი. ამისთვის მე დღეს დრო არ მეყოფა, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის წინაშე ჩივილსაც თქვენ აზრიანად მიიჩნევთ. ჩვენ დღეს გვაქვს ქართული საპტიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის.
ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშორთან, და ნატო-სა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკააშვილმა კი არ დაიწყო, დაიწყო ქართველი დიპლომატების იმ დიდმა ჯგუფმა, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგი დღეს ასაკშია. ჩვენ ამ პროცესის შედეგი დავაყენეთ და ეს კაკუნი არ დარჩა უბრალოდ კაკუნად. წინ გრძელი გზაა ევროპაში იმ კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენს შვილებს ნამდვილად ეკუთვნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განმარტებით, მომავალში ყველაფერს გააკეთებენ, რათა ყველაზე დიდ ორ მტერს – მიმდინარე ოკუპაციასა და სიღარიბეს ებრძოლონ.
„რა იქნება მომავალში – მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველაზე დიდ ორ მტერს ვებრძოლოთ, რომელიც ყველაზე ძნელი დასამარცხებელია – ეს არის მიმდინარე ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე, ეს არის ის ორი რეალური მტერი, რომელიც დღეს ჰყავს ჩვენს ქვეყანას. სამი წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში, ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, ვდგავართ მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.