თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 76 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. „ღია მმართველობის პარტნიორობას“ დღეს ხუთი ახალი წევრი ქვეყანა შეუერთდა: ეკვადორი, ყირგიზეთი, მაროკო, პორტუგალია და სენეგალი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამიტის სტუმრებს მიმართა, როგორც OGP-ს მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელმა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო აქ თქვენთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ამ ადგილას. დიდი მადლობა ყველას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს და, რა თქმა უნდა, პატივცემულ მომხსენებლებს, რომელთაც გამონახეს დრო, დაგვდეს პატივი და გახსნეს ჩვენთან ერთად ეს მნიშვნელოვანი, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამიტი. მადლობა, ასევე, სოფიას, რომელმაც გამორჩეული ელფერი შესძინა დღევანდელ დღეს და არაერთი ჩვენი სტუმარი და მოქალაქე ელოდება, მათ შორის, ბავშვები, მოზარდები მასთან შეხვედრას დღის განმავლობაში. ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, ექვსი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავაქტიურებულიყავით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციაში და მაშინ ალბათ მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრეს წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მომავალი და ცოტას თუ წარმოედგინა დღევანდელი დღე ასეთი სახით.
ჩვენ რეფორმების, პოლიტიკური ნებისა და ბევრი სხვა ძალისხმევის შედეგად, OGP-ს რიგითი წევრიდან 2014 წელს გავხდით მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყანა, ხოლო 2016 წლიდან – თავმჯდომარე. შარშან საფრანგეთმა საქართველოს გადმოაბარა ეს თავმჯდომარეობა და წელს შემოდგომაზე გვექნება პატივი და დიდი სიამოვნება, საქართველომ თავმჯდომარეობა გადააბაროს კანადას. მინდა, მომავალ თანათავმჯდომარეებს ვუსურვო წარმატება. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი სამუშაო და საინტერესო შეხვედრები გვქონდა და შევთანხმდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი OGP-ში არის განგრძობადობა, რათა პროგრესი იყოს დასანახი და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელშესახები. შესაბამისად, მინდა, ჩემს მომდევნო მინისტრს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან უხელმძღვანელებს მმართველ კომიტეტს, კანადის საგადასახადო ბორდის თავმჯდომარე სკოტ ბრაისონს ვუსურვო წარმატებები, ასევე მის თანათავმჯდომარეს არასამთავრობო სექტორიდან, ნათანია ჰელენს, რომელიც გახლავთ ვიცე-პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციისა „შედეგები განვითარებისათვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, გუშინ შედგა სხდომა, რომელსაც სამხრეთაფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან, მუგელანი დიმბასთან ერთად თავმჯდომარეობდა.
„გუშინ ჩვენ ავირჩიეთ მომდევნო თანათავმჯდომარეები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით მათაც ვუსურვო წარმატებები, პირველ რიგში, არგენტინას და მის მოდერნიზაციისა და რეფორმების მინისტრს, ბატონ ანდრეს სიბარას, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. მე გახლდით მასთან სტუმრად, როგორც OGP-ის თანათავმჯდომარე და ვნახე ის ძალიან დიდი ძალისხმევა, რომელსაც არგენტინის მთავრობა ეწევა წარსულის მომავალთან შესარიგებლად და აწმყოში ძალიან რთული რეფორმების გასატარებლად; ასევე, მის თანათავმჯდომარეს არასამთავრობო სექტორიდან რობინ ოდესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დეპუტატი ქალის ქრისტინე შარაშიძის მთაში მოგზაურობა და მისი სიტყვები გაიხსენა.
„ჩემი გამოსვლა უნდა დავასრულო იმით, რითაც დღევანდელი სამიტი გაიხსნა. 100 წლის წინ, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში, საქართველოს ქალებმა პირველად მისცეს ხმა არჩევნებში; 100 წლის წინ ევროპაში ჩვენ პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა დავაფუძნეთ ამ ქვეყნის ქალებმა და კაცებმა; 100 წლის წინ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში გვყავდნენ დეპუტატი ქალები და მე მათ დღეს, როგორც ამ სფეროში მომუშავე ქალი მინისტრი, მინდა, 100 წლის შემდეგ შევეხმიანო და გავიხსენო ერთ-ერთი მათგანი − ქრისტინე შარაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, რომელიც 1920 წელს ესტუმრა საქართველოს მთას.
ჩვენმა სტუმრებმა იციან, რომ საქართველოს აქვს ზღვა, აქვს ძალიან ლამაზი დაბლობები, მაგრამ ის ცნობილია თავისი მაღალმთიანი რეგიონებით. სწორედ იქ, მაშინ, 1920 წელს, ქრისტინე შარაშიძე, საქართველოს დეპუტატი ქალი წავიდა მივლინებით თიანეთის მაზრაში. მან ნახა ცუდი გზები; ნახა, რომ სახელმწიფო სერვისები დამოუკიდებელ საქართველოში არ არსებობდა; მან ნახა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შორს იყო ხალხისგან და ცდილობდა, გამკლავებოდა ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მძიმე პრობლემებს. დაბრუნების შემდგომ მან მოხსენება გააკეთა მაშინდელი პარლამენტის წინაშე და თქვა ის, რასაც რამდენიმე წუთის წინ ახლა − 2018 წელს, ამ ტრიბუნიდან ბრძანებდა ბატონი სანჯეი პრადანი. აი, მაშინ, 100 წლის წინ ამ ქვეყანაში ქრისტინე შარაშიძემ თქვა, რომ მან ნახა საქართველოს მთაში − ციტატა მომყავს − „მმართველობა ცალკეა, ხალხი კი დგას ცალკე“. მაშინ უკვე გახდა OGP-ს ეს მთავარი ფუნდამენტი საქართველოში თემა, პრობლემა, რომლის მოგვარება მაშინდელმა მთავრობამ დაიწყო. ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტები OGP-ში არიან ჩართულნი და აკეთებენ იმას, რომ ხალხი არ იდგეს ცალკე და მმართველობა ცალკე. მინდა, ვისურვო, რომ საქართველოში რეფორმების წყალობით სწორედ OGP-ს სულისკვეთება გაგრძელდება და გახდება კიდევ უფრო ძლიერი“, – დასძინა თეა წულუკიანმა.