საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, გენერალური მდივანი გიორგი კიკაბიძე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი მაია ნოდია და ტექნიკური მენეჯერი ლაშა ხუცაიძე.
მინისტრმა ჭიდაობის ფედერაციას მადლობა გადაუხადა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობისთვის და აღნიშნა, რომ მოჭიდავეები საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმატებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მძიმეწონოსანმა მოჭიდავეებმა იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული სტილი) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი სტილი) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ამასთან, მინისტრმა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის პროცესში სამინისტროს სამი ძირითადი მიმართულება აქვს – უმაღლესი მიღწევები, მასობრიობა და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თავის მხრივ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ მინისტრს ფედერაციის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო, ასევე ოქტომბრის დასაწყისში ოსლოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ესაუბრა, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10-10 სპორტსმენით წარდგება და უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს.
თეა წულუკიანმა ფედერაციასა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.