თეა წულუკიანი - ჩემს სისტემაში მომუშავე მამაკაცების მიმართ მკაცრი პოზიცია არაერთხელ მქონია, თუმცა ეს საქმეები არ გახმაურებულა
თეა წულუკიანი - ჩემს სისტემაში მომუშავე მამაკაცების მიმართ მკაცრი პოზიცია არაერთხელ მქონია, თუმცა ეს საქმეები არ გახმაურებულა

პაპუნა უგრეხელიძესთან მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხულიც, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც თავად უგრეხელიძე არის მოპასუხე.

“ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არის მარტივი. არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების კეთება და ნიუსები. ეს ვერ იქნება ჩემი პოზიცია. ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული, ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ სოლიდარულები და, რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები. შესაბამისად, ჩემი პოზიცია დღეს არის ის, რომ მას, როგორც ქალმა, უნდა მოვუსმინო. პაპუნა უგრეხელიძე ამ დროისთვის მივლინებაში იმყოფება. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ პაპუნა უგრეხელიძე არის მოპასუხე. შესაბამისად, საქმის მასალები იციან მხოლოდ მან და მეორე მხარემ. ჩემი მოადგილე, მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა უგრეხელიძე მივლინებაშია და ხვალ დაბრუნდება, უკვე შეხვდა მის პირად ადვოკატებს, რათა მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მასთან მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც. როგორც კი შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავიჭერ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, თავის დროზე რატომ არ დაისვა კითხვები, როდესაც სახალხო დამცველის დასკვნა მომზადდა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ მის სისტემაში მომუშავე მამაკაცებისადმი მკაცრი პოზიცია არაერთხელ დაუჭერია, თუმცა ეს საქმეები არ გახმაურებულა.

“სახალხო დამცველმა, თქვენ თუ ამ დასკვნას მოიპოვებთ და ნახავთ, პირადად მას და მეორე მხარეს მიაწოდა რეკომენდაციები. შესაბამისად, პირველ რიგში, ქალებს მოგმართავთ: ჩვენი ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს, მათ შორის, ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ, ვნახოთ ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება. მე ასეთი პოზიცია დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცების მიმართ, ოღონდ ეს საქმეები არ გახმაურებულა და მათთვის ჩვენს სისტემაში კარიერა დამთავრებულა, მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას შემდეგ, როდესაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვის მომისმენია. ამიტომ მოგმართავთ ქალებს, ზოგიერთს, ყველას არა, პირველ რიგში, მოვუსმინოთ მამაკაცებს ჯერ და მერე წინ არაფერი უდგას სწორი პოზიციების გატარებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთ-ერთმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.