თეა წულუკიანი - ჩემი შეთავაზებაა, თეატრის შტატიან მსახიობს ჰქონდეს ერთ თეატრში მუშაობის უფლება და გაერთიანებულად მიიღოს ის ანაზღაურება, რასაც რამდენიმე თეატრიდან იღებს
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მცირე ხელფასის გამო, ერთი და იმავე მსახიობს დღეს რამდენიმე თეატრში უწევს მუშაობა, ასევე, არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს.
თეა წულუკიანის თქმით, მისი შეთავაზებაა, მსახიობებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან თეატრის შტატიანი თანამშრომლები, დადგინდეს, რომ მათ ჰქონდეთ მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება, თუმცა იმ დათქმით, რომ ერთ შტატზე, გაერთიანებულად მიიღებენ ხელფასს, რაც მათ რამდენიმე თეატრში ეძლევათ.
თეა წულუკიანის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა საჭიროა, რადგან ამ მიმართულებით დღეს არსებული ვითარება სამსახიობო ხელოვნების განვითარებას ხელს არ უწყობს.
„არის ერთი საკითხი, რომელიც მინდა, ამ ტრიბუნიდან ვთქვა, რომ იქნებ, ყველამ გაიგოს. არ მაქვს ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა მაქვს პოზიცია და ამ პოზიციას თუ გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ არ გაიზიარებენ, მაშინ სტატუსკვო იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. ვგულისხმობ იმას, რომ მწირი ხელფასის გამო, ერთი და იგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში. რადგან თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რომ ერთი და იგივე პირი, ერთი და იმავე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს. ეს არის გასაჭირისგან და არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა ან ერთი და იმავე თეატრში სხვადასხვა ფუნქციის კეთება. შეთავაზება იქნებოდა ასეთი, თუ ამას გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, დავადგინოთ, რომ მსახიობი, თუ ის არის შტატიანი თანამშრომელი (თუ ის არის შტატგარეშე და თან მიწვეულია, რასაკვირველია, ითამაშებს იმდენ თეატრში, რამდენშიც უნდა და ამას ვერავინ ვერ და არ გააკონტოლებს) და პრინციპში, საჯარო მოხელესთან მიახლოებული პირი გამოდის, მაშინ მას ჰქონდეს მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ ყველა ის ხელფასი, რასაც დღეს იღებს, ვთქვათ, სამ თეატრში მუშაობისას, ჰქონდეს იმ ერთ შტატზე, გაერთიანებულად.
ვფიქრობ, ეს კარგი წინადადებაა, მაგრამ როგორც იტყვიან, შემოქმედი ადამიანების სამყაროში კაცია და გუნება. თუ ამას გაიზიარებენ, რაც მათთვის სასიკეთოა, ძალიან კარგი იქნება. ამით ისინი ასევე ხელს შეუწყობენ მსახიობების ახალ თაობებს, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდეს, რადგან როცა ჩემი ასაკის ერთი მსახიობი იკავებს სამ ადგილს სხვადასხვა თეატრში, ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე ერთი და რეალურად, ორი ადგილი არის დაკავებული, ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც შარშან გამოვიდა უნივერსიტეტიდან, ვერ პოულობს ადგილს, სად იმუშაოს. ეს, რა თქმა უნდა, სამსახიობო ხელოვნების განვითარებას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.