თეა წულუკიანი - ჩემი მიზანი არ ყოფილა, იდეალური სამყარო შემექმნა ოთხ წელიწადში, თუმცა სასამართლოს მომხმარებლების 55 პროცენტი ამბობს, რომ სისტემა დღეს არის უფრო სანდო და დამოუკიდებელი
ჩემი პასუხისმგებლობა ე.წ. მოსამართლეთა სიაზე არ არსებობს, ჩემი პასუხისმგებლობა ამ სიასთან დაკავშირებით არის ნული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც მაქვს, არის ის, რომ ჩავრთე ტელევიზორი და მოვისმინე, რომ თურმე იურიდიულ კომიტეტში საბჭოს გადაუგზავნია მოსამართლეთა სია. თქვენ შეიძლება პასუხისმგებლობაში იმას გულისხმობდით, რატომ არ ვიცოდი, ტელევიზორით რატომ გავიგე, რატომ არ გაგაგებინეთ, ეს აღარ არის იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია. თქვენ ჩახედავთ კონსტიტუციასაც, ჩახედავთ სხვა კანონებსაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან ამ ორგანოს სახელწოდების პირველი სიტყვა არის იუსტიცია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჩემი ქვედანაყოფი. ეს არის მართლმსაჯულების სისტემა, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დიახ, გიდასტურებთ, რომ ამ სიაზე ჩემი პასუხისმგებლობა არის ნული. როგორც თქვენ, ალბათ, ჩემზე ადრეც მოისმინეთ მედიის საშუალებით ამ სიის შემადგენლობა, ისე მე მოვისმინე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი პასუხისმგებლობა არის სასმართლო რეფორმის სამი ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
„ეს კიდევ ის რეფორმებია, რომლის შედეგებიც უკვე გაზომა „იფსოს ფრანსმა“ (IPSOS France). თუ მას არ ენდობით, პარტიამ დააფინანსეთ და გაზომეთ ეს შედეგები და ის შედეგები ირწმუნეთ. ამ რეფორმების შედეგად, სასამართლოს მომხმარებლების 55 პროცენტი ამბობს, რომ სასამართლო დღეს არის უფრო სანდო და დამოუკიდებელი, ვიდრე ადრე. ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ იდეალური სამყარო შემექმნა ოთხ წელიწადში. ამის შემდეგ რეფორმის პროცესს უძღვება უკვე პარლამენტი, მეოთხე ტალღა ჰქვია ამას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, ვენეციის კომისიის სტანდარტებს შეესაბამება.
„თუმცა, ვენეციის კომისია თავის სათქმელს, იმედია, მალე იტყვის. მომწონს ვენეციის კომისიის შეფასებები, რომელმაც 2013 წელს პირდაპირ ფეხი დამიდო. ამას სხვა არაფერი ჰქვია იმისთვის, რომ უვადო დანიშვნის ინსტიტუტი შეჩერებულიყო, პრობაციის ანუ გამოსასწორებელი ვადა ყოფილიყო წესი და უვადო დანიშვნა გამონაკლისი?! იყო ასე? ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ჩემი ეს მიდგომა არ იყო ევროპული სტანდარტი და როდესაც ვამბობდი, ეს ევროპული სტანდარტი კი არის, მაგრამ ქართულ რეალობაში არ გაამართლებს, მათ შავით თეთრზე ჩემიწერეს, რომ ეს არ არის კარგი. ეს იყო ასე და მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო ყველა იმ ნაბიჯზე და შეცდომებზეც, თუკი რამ დამიშვია, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ჩემი არ არის. ეს პასუხისმგებლობა უკავშირდება, ბოდიშს ვიხდი და წარმატებებს მართლმსაჯულების რეფორმაში, რადგან დღევანდელი საბჭო არ არის პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული, დღეს ბავშვებს არ ვყრით ციხეში, განუკითხაობა არ სუფევს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში და ოთხიდან ხუთ პროცენტამდეა თვეების მიხედვით, გააჩნია რომელ მაჩვენებელს შეხედავთ, გამამართლებელი განაჩენების რიცხვი. დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რაც არ უნდა კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მოსამართლის ამა თუ იმ პერსონალიის მიმართ, მაინც სჯერათ, რომ მიმართავენ სასამართლოს და გაიმარჯვებენ. დღეს სახელმწიფო დავების 70 პროცენტზე მეტს აგებს სასამართლოში. ვფიქრობ, ეს კარგია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.